ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-07

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი თსუ-ს ეწვია

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი  თსუ-ს ეწვია
„იყავით ევროპის მეგობრები, მაგრამ იოცნებეთ უკეთეს ევროპაზე,“ - განაცხადა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას. საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა წაიკითხა საჯარო ლექცია „საბერძნეთი და რეგიონული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის ხელშეწყობა“, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ.

საჯარო ლექციაზე ნიკოს კოძიასმა ისაუბრა ევროკავშირში არსებულ ღირებულებებებსა და ფასეულობებზე, ევროკავშირ-საბერძნეთის და საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობებზე, ბრექსიტზე, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე, საქართველოს ინტეგრაციაზე ევროკავშირში. „ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. რადგან სწორედ კავკასია იყო საფუძველი იმისა, რასაც დღეს ევროპას ვუწოდებთ. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ვინმეს წინააღმდეგი ვართ; არამედ იმიტომ, რომ ვიცავთ საერთაშორისო სამართლის ნორმებს,“- განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  მისი თქმით, საქართველოსა და საბერძნეთს ძალიან ახლო ისტორიული ურთიერთობები აქვთ, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომლის ინტერესებიც უნდა დაიცვას საბერძნეთმა და მთლიანად ევროპამ. „დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რადგან საქართველოს დაცვით, ჩვენ ვიცავთ საბერძნეთის ტერიტორიულ მთლიანობასაც - ეს არის საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპი,“- აღნიშნა ნიკოს კოძიასმა.

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის საქმიანობასა და ამ მიმართულებით უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამებისადმი. საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის, ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერისათვის თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ნიკოს კოძიასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.




Print

« იხ. ყველა სიახლე