ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-09

თსუ სტუმრები ეროვნულ მუზეუმში

თსუ სტუმრები ეროვნულ მუზეუმში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ  უმასპინძლა თსუ რექტორს გიორგი შარვაშიძეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, სტუდენტებს, პროფესორებს.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ მუზეუმს. „ჩვენს სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა მთელი ღამის განმავლობაში დაეთვალიერებინათ სხვადასხვა გამოფენა. გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიას ქვის ხანიდან დაწყებული. დარწმუნებული ვარ, ყველა კმაყოფილი დარჩა,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორის დავით ლორთქიფანიძის თქმით, უნივერსიტეტის დაფუძნების იდეამ 100 წლის წინ გააერთიანა მეცნიერები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ბიზნესის წარმომადგენლები. მაშინ ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანდა იმდროინდელი ელიტა.  „უნივერსიტეტი და ეროვნული მიზეუმი ერთიანი დიდი სივრცის ნაწილია და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვუმასპინძლეთ იუბილეზე ჩამოსულ სტუმრებს. ეროვნული მუზეუმის ნებისმიერი საცავი და საგამოფენო სივრცე უნივერსიტეტისთვის საკლასო ოთახია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ,“- აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.

თსუ სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმში მიმდინარე გამოფენა ,,ქვის ხანის საქართველო“, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს ქვის ხანა (1.77 მლნ.წ. - 8 ათასი წ.) და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი ანთროპოლოგიური მასალა, რომელიც ადამიანის ევოლუციას დროში დინებას ასახავს. მათ შორის, დმანისის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი და შემდგომ აღდგენილი პირველი ევროპელები - მზია და ზეზვა.  საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ოქრომჭედლობის 600-მდე უნიკალური ნიმუში (ძვ.წ. III ათასწლეული - ახ.წ. IV საუკუნე) დაათვალიერეს სტუმრებმა ექსპოზიციაზე ,,არქეოლოგიური საგანძური“ და ,,შუა საუკუნეების საგანძური“, სადაც წარმოდგენილია წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ქართული კულტურული ტრადიციების უწყვეტობას ასახავს.

თსუ იუბილეზე მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში პირველად ჩამოვიდა რენის (საფრანგეთი) გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი მუჰამედ დრისი. „ბედნიერი ვარ, რომ ქართველებთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად გავიზიარე უნივერსიტეტის იუბილე. ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ყველაფერმა. მუზეუმში გავეცანით საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან. თსუ-სთან ურთიერთობა 3 წლის წინ დავიწყეთ ერასმუსის პროგრამის ფარგლებში. ურთიერთობებში მხარს გვიჭერს საფრანგეთის საელჩო. საიუბილეო ღონისძიება არის კიდევ ერთი ბიძგი მეტი თანამშრომლობისკენ,“- აღნიშნა მუჰამედ დრისმა.

ბერლინის (გერმანია) თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის გიუნტერ ფალტინის თქმით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეროვნულ მუზეუმში გამოფენილმა მონეტების კოლექციამ. „აქამდე არასოდეს მენახა ქართული, ბერძნული, რომული მონეტები. ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის,“- განაცხადა გიუნტერ ფალტინიმ.




Print

« იხ. ყველა სიახლე