თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო მოღვაწეთა მიერ, ემიგრაციაში ყოფნის დროს, გამოცემული რარიტეტული წიგნების, მათი ხელნაწერების გამოფენა და ალექსანდრე ჩხეიძის წიგნის - „სამხედრო სკოლა“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეროვნულ არქივში დაცული, ამავე პერიოდის,
სამხედრო თემატიკის ფოტო და დოკუმენტური საარქივო მასალების ასლები.
ღონისძიება მუზეუმების საერთაშორისო დღისა და საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში
გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, იუნკერები, კადეტები, სამხედრო მოსამსახურეები, თსუ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით, ალექსანდრე ჩხეიძის წიგნში ძალიან საინტერესო მოგონებებია თავმოყრილი. „
ალექსანდრე ჩხეიძე ცნობილი სამხედრო მოღვაწე და ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. მისი მეთაურობით ჩვენი იუნკრები იბრძოდნენ ტაბახმელას ფრონტზე, კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით. ზოგადად, ძალიან საინტერესოა თანამშრომლობის ის ფორმატი, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან გვაქვს,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.
გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა
შალვა ჯაბახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ასახავს 1918-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არა მარტო სამხედროების, არამედ მთლიანი საზოგადოების სულიერ მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია სამწლიანი იყო, დღევანდელი ჩვენი თაობებისთვის ძალიან დიდი ისტორია დატოვა,“ - აღნიშნა შალვა ჯაბახიძემ.
წიგნი „სამხედრო სკოლა“ გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის მემუარული ჩანაწერებია, რომელსაც ის ემიგრაციის პერიოდში იუნკერების მიერ გამოცემულ ჟურნალ „მხედარში“ აქვეყნებდა. ჟურნალში დაბეჭდილი მასალები წიგნის სახით გამოსაცემად მოამზადა ისტორიკოსმა ლელა სარალიძემ, ხოლო წიგნს რედაქტირება ისტორიკოსმა არჩილ ჩაჩხიანმა გაუწია. წიგნი თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოსცა.