ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საბიბლიოთეკო კონსორციუმის EIFL.net (Electronic Information for Libraries) გენერალური ასამბლეა გაიხსნა. ასამბლეას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები, მოწვეული ექსპერტები, მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო გამომცემლობების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, ასევე ჩატარდება პრეზენტაციები, ლექციები, დისკუსიები EIFL-ის საქმიანობის საპროგრამო მიმართულებებით: მონაცემთა ბაზების ხელმოწერა და გამოყენება, თავისუფალი წვდომა სამეცნიერო გამოცემებზე და სამეცნიერო შრომათა გამოქვეყნება, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები, პროგრამული სისტემები ბიბლიოთეკებისათვის, საბიბლიოთეკო კონსორციუმების მართვა და განვითარება.
„ინტენსიურად ვთანამშრომლობთ EIFL-თან, ამ წლის განმავლობაში მოვახერხეთ, რამდენიმე ბაზის შეთავაზება ჩვენი სტუდენტების, მეცნიერებისთვის და მკვლევრებისთვის. ეს გახლავთ web of science, რომელიც ამ სასწავლო წელს იქნება უკვე ხელმისაწვდომი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვაქვს უმდიდრესი კოლექციები, ორი ბიბლიოთეკიდან ერთში 4.5 მილიონი წიგნია, მეორეშიც, დაახლოებით, იმდენივე წიგნი. ეს არის უმდიდრესი საუნივერსიტეტო კოლექცია პოსტ-საბჭოთა სივრცის მასშტაბით, მეორე ადგილზე ვართ რაოდენობით მაგრამ რაოდენობაზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ხელმისაწვდომობაზე“-განაცხადა თსუ რექტორმა,
გიორგი შარვაშიძემ.
გენერალური ასამბლეა არის EIFL-ის მთავარი ღონისძიება, რომელიც იმართება წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა წევრ ქვეყანაში. ღონისძიებაში მონაწილეობენ სამეცნიერო ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები, მოწვეული ექსპერტები, კონსორციუმის ხელმძღვანელები, მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო გამომცემლობების წარმომადგენლები და სხვა.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან თსუ, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების განვითარებას.
„ასეთი რანგის ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. 40-ზე მეტი ქვეყნის ბიბლიოთეკარი და სპეციალისტია ჩამოსული, ყველაზე ცნობილ სამეცნიერო გამომცემლობების წარმომამდგენლებთან მოხდება შეხვედრები და გასაუბრებები იმისთვის, რომ მათი შეთავაზებები დავაზუსტოთ. მთავარი მიზანია, რომ ქართველმა მეცნიერებმა და სტუდენტებმა შეძლონ ზღვა ინფორმაციის უფასოდ მიღება. ეს შეხვედრები ასევე ხელს შეუწყობს იმას, რომ ის სამეცნიერო შრომები, რომელსაც ქართველები აქვეყნებენ, გამოქვეყნდეს საზღვარგარეთ ცნობილ გამოცემებში, ხელს შეუწყობს ასევე მეტ ღია და სამეცნიერო კომუნიკაციას და განათლების და მეცნიერების განვითარებას საქართველოში,“ - განაცხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია EIFL (www.eifl.net) მხარს უჭერს ელექტრონული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მსოფლიოს განვითარებად და გარდამავალ ქვეყნებში. შეხვედრაზე იმყოფებოდა ორგანიზაციის ხელმძღვანელი რიმა კუპრიტეც.
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით ამ ისტორიულ უნივერსიტეტში. როგორც ვიცით, აკადემიური საქმიანობისთვის საჭიროა უახლეს ინფორმაციაზე, კვლევებსა და ნაშრომებზე წვდომა, მაგრამ ეს ინფორმაცია, სამეცნიერო ჟურნალები და წიგნები ხშირად ძვირადღირებულია, ამდენად, ჩვენ ვცდილობთ რომ მოლაპარაკებების დონეზე შევთანხმდეთ მისაღებ ღირებულებაზე. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ - აღნიშნა
რიმა კუპრიტემ.
EIFL ქსელი აერთიანებს 4 000-მდე წამყვან ბიბლიოთეკასა და მათ მილიონობით მომხმარებელს ევროპის, აზიისა და აფრიკის 40 ქვეყნიდან. საქართველო კონსორციუმს EIFL-ის დაარსებიდანვე, 2001 წლიდან შეუერთდა.