ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-06-25

ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოება

 ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 42 სტუდენტს თსუ-სა და ჰარვარდის (აშშ) სამართლის სკოლის ერთობლივი პროგრამის კურსდამთავრებულის სერტიფიკატი გადაეცა.

თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ჰარვარდის სამართლის სკოლის თანამშრომლობით სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა საავტორო სამართალში და გაევლოთ ჰარვარდის პროფესორის - ვილიამ ფიშერის საავტორო სასერტიფიკატო კურსი - CopyX.   

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას განცხადებით, „ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ კურსზე. დარეგისტრირებული 450 სტუდენტიდან, შეირჩა 50, აქედან 42-მა სტუდენტმა უკვე წარმატებით დაასრულა ეს კურსი. თსუ იურიდიულ ფაკულტეტს ინსტიტუციური თანამშრომლობის ძალიან ფართო ქსელი აქვს. წელს პირველად განვახორციელეთ ეს სასერტიფიკატო კურსი ჰარვარდის სამართლის სკოლასთან, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია.“

კურსი მოიცავდა როგორც დისტანციურ, ისე ლოკალურ მეცადინეობას. დისტანციურ კურსს უძღვებოდა პროფესორი ვილიამ ფიშერი, ხოლო ლოკალურ მეცადინეობებს, რომელიც ყოველკვირეულად ტარდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი მარიამ ღუბიანური და ქეთევან ურიდია.    

„საკმაოდ საინტერესო  კურსია. ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ, მით უფრო, რომ საქართველოში ამ მიმართულებით ცოტა "ქეისია". კარგი გამოცდილება შევიძინეთ, გავიღრმავეთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა,“ - აღნიშნა თსუ სტუდენტმა თორნიკე პეტრიაშვილმა

კურსი 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სტუდენტებს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს დასკვნითი გამოცდა, ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ-ს სერტიფიკატები გადაეცათ.


Print

« იხ. ყველა სიახლე