2017-11-12
დიპლომატის დღესთან დაკავშირებით თსუ-ში ღია კარის დღე გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიპლომატის დღის აღსანიშნავად საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერაქციულ შეხვედრას „ერთი დღე ქართველ დიპლომატთან“ უმასპინძლა. ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა
მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებს და სტუდენტებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები და უწყების საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების კუთხეები, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ
მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრის მონაწილეებს ქართული დიპლომატიის დღე მიულოცა. მისი თქმით, სიმბოლურია რომ ეს დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნება, რადგან სწორედ უნივერსიტეტი არის მომავალი დიპლომატების მთავარი სამჭედლო.
საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც დამოუკიდებელი სპეციალობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1991 წლიდან არსებობს. ახლადშექმნილ კათედრას ალექსანდრე რონდელი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი დიპლომატები, სტუდენტები, პროფესორები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები. ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება, თარიღი დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
« იხ. ყველა სიახლე