ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-23

"ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში"

"ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით სახალისო შემეცნებითი კვირეული - ,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა.

23 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, თსუ ბიბლიოთეკა უმასპინძლებს თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს. ცნობილი ქართველი ლიტერატორები და მხატვრები მოსწავლეებთან ერთად წაიკითხავენ ზღაპრებს და დახატავენ საყვარელ პერსონაჟებს.

ბავშვებს შეხვდა და ღონისძიება გახსნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. ,,წიგნის საერთაშორისო დღეს უნივერსიტეტში ბავშვებს დავახვედრეთ საინტერესო პროგრამა, პრიზებით, თამაშებით. ისინი გაეცნობიან ბიბლიოთეკას და იმედია, მომავალშიც განაგრძობენ უნივერსიტეტთან მეგობრობას“.

ღონისძიებათა ციკლის პირველ დღეს მოსწავლეებმა მოისმინეს მწერალ დიანა ანფიმიადის ზღაპრები, რომელიც მწერლის და მისი შვილის ერთობლივი ნაწარმოებია. "მოხარული ვიქნები თუ ყველა იზრუნებს ბავშვებსა და მათი განათლების განვითარებაზე. ეს იმის წინაპირობაა, რომ ისინი განავითარებენ მეცნიერებას, ლიტერატურას და, შესაბამისად, ქვეყანას“,-აღნიშნა მწერალმა.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ,,წიგნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა კვირეული, რომელიც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების სტუმრობას თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ეს პროექტი ხელს შეუწყობს წიგნისა და მკითხველის დაახლოებას. ამ აქციით შევეცდებით უფრო მეტად გავუღვივოთ მოსწავლეებს წიგნისადმი სიყვარული“.

ღონისძიებათა ციკლის პირველ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კერძო სკოლა ,,არქიმედეს“ მოსწავლეებს უმასპინძლა. ,,დღევანდელი დღე და ზღაპარი განსაკუთრებით მომეწონა, ხშირად არ იმართება  ასეთი კარგი ექსკურსიები და საღამოები მოსწავლეებისთვის, ამ დღეს აუცილებლად შევიტან ჩემს დღიურში. მე ვაპირებ ჩემი საყვარელი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთი ნაწარმოების  მთავარი გმირის - მადიკენის დახატვას,“-განაცხადა  სკოლა ,,არქიმედეს“ მოსწავლემ მარიამ კვიტაშვილმა.




Print

« იხ. ყველა სიახლე