2017-10-30

შემოდგომის ლეგენდა 2017 - იმპროვიზაციული ტური კახეთში

შემოდგომის ლეგენდა 2017 - იმპროვიზაციული ტური კახეთში
ბაკურციხეში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2017“ იმპროვიზაციული ტური ჩატარდა. კონკურსის 10-მა ფინალისტმა ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე "სხვისი ავტობიოგრაფია" 12 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია ჯეოსელის ერთობლივი პროექტი - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი მეცხრედ ჩატარდა. წელს ლეგენდის ფინალურ ტურს ბაკურციხეში მდებარე ევროპული სტილის კომპლექსმა,  სარაჯიშვილების საგვარეულო მამულმა - „მაროშენი“ უმასპინძლა.

იმპროვიზაციული ტურის 10 მონაწილიდან ჟიურის წევრები სამ გამარჯვებულს გამოავლენენ, რომლებიც უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ ფულად პრემიას და კომპანია ჯეოსელის სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, შესაბამისად - 700 და 500 ლარი გადაეცემათ.

თსუ რექტორის მოადგილის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, „შემოდგომის ლეგენდა“ ძალიან საინტერესო პროექტია, რომლის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კომპანია „ჯეოსელთან“ ერთად. კონკურსის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების გამოვლენა და დამწყები მწერლების წახალისება. „ჩვენი უნივერსიტეტისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ. დასკვნით ტურში მონაწილე ყველა სტუდენტს მინდა წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, კახეთის ულამაზესი ბუნებით შთაგონებულები შექმნიან ძალიან საინტერესო ნაწარმოებებს. მომავალ წელს მეათეჯერ ჩატარდება შემოდგომის ლეგენდა, რომელიც ემთხვევა თსუ-ს ასი წლის იუბილეს. ასე, რომ გრანდიოზულად აღვნიშნავთ როგორც უნივერსიტეტის იუბილეს, ასევე „შემოდგომის ლეგენდის“ იუბილეს“,-აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2009 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია გაუმარტივოს ახალგაზრდებს პირველი შემოქმედებითი ნაბიჯის გადადგმა, აღმოაჩინოს ახალი მწერლები და გააცნოს ისინი მთელს საქართველოს. კონკურსი წარმატებული დასაწყისი აღმოჩნდა თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დღეს არაერთი ჯილდოს მფლობელნი და წიგნების ავტორები არიან.

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება, წელს პირველ ტურში მონაწილეობა 427-მა კონკურსანტმა მიიღო. 10 ფინალისტი შიდაშესარჩევმა ჟიურის წევრებმა გამოავლინა, რომლებმაც იმპროვიზაციულ ტურში ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს.

„მე პირადად გავითვალისწინე, ჟიურის წევრების და წინა წლების გამარჯვებულების რჩევა, რომ არ მომეხდინა გარკვეული თემის წინასწარ შედგენა და შემდეგ მისი ხელოვნურად ინტეგრირება იმ თემაში, რასაც ჟიური გააჟღერებდა. როდესაც გვითხრეს თუ რა იქნებოდა კონკურსის თემა, მაშინვე გამიჩნდა იდეა და უკვე ვიცოდი რას დავწერდი, უფრო სწორად ზუსტად ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა ჩემი მოთხრობა“,- განაცხადა კონკურსის მონაწილემ ალექსანდრე კალმახელიძემ.

წელს ლიტერატურული ჟიური 5 წევრისგან შედგება: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, არჩილ ქიქოძე და შარშანდელი გამარჯვებული ბექა ბერაძე.

„მე რომ ვიყო სტუდენტი, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ პროექტში მონაწილეობა. დიდი სტიმულია, დიდი ბიძგია, დიდი მუხტია მათთვის, ვისაც უნდა წერა. ასეთ ასაკში ასეთი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, დიდი მადლობა ვინც ეს მოიგონა და განახორციელა. ყველას მინდა წარმატება ვუსურვო, ყველა ვერ გახდება გამარჯვებული, მაგრამ ლიტერატურა სინამდვილეში არის პროცესი და ვინც წერს ყველაზე დიდ სიამოვნებას ამ პროცესისგან იღებს და არა იმისაგან, რაც შეიძლება მერე ამ პროცესს შედეგად მოჰყვეს. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ ამდენი ადამიანი იღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა დათო ტურაშვილმა.

ძირითადი კონკურსის პარალელურად ყველა მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა ჩართულიყო ონლაინ ლიტერატურულ მარათონში. ჯეოსელის სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებული კონკურსანტები ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე თავადაც ქმნიდნენ ახალ ნაშრომს, სულ მარათონში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო. ლეგენდის დაჯილდოებაზე მარათონის გამარჯვებული კომპანიის სპეციალურ საჩუქარს მიიღებს.

„ოთხი წელია რაც კონკურსს დაემატა ონლაინ მარათონი და ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გვწერდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც სურდათ კონკურსში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ სტუდენტები. მახსოვს, ერთ-ერთი მონაწილე ქუვეითიდან გვყავდა, მან ონლაინ აპლიკაციის დახმარებით გამოგვიგზავნა ნაშრომი და გამარჯვებული გახდა. ვფიქრობ, რომ ონლაინ მარათონი არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს წერა, მაგრამ არ არის სტუდენტი“,-განაცხადა კომპანია „ჯეოსელის“ სოციალური მედიის მენეჯერმა ვაკო ქვაჩახიამ.

კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების საღამო ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში გაიმართება. 10 ფინალისტის მოთხრობა სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება, რომელიც მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ.


Print

« იხ. ყველა სიახლე