2017-11-17

მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა

მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის უნივერსიტეტში გაწეულ საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისა და ნაყოფიერი ორგანიზაციული საქმიანობისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა. 

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, მიხეილ ჩხენკელი დაჯილდოვდა უნივერსიტეტის ყველაზე მაღალი ჯილდოთი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით იმ ღვაწლისთვის, რომელიც შეიტანა უნივერსიტეტის განვითარებაში, საორგანიზაციო საქმიანობისთვის და ყველა იმ დადებითი ცვლილებისთვის, რომელიც მის მიერ იყო ინიცირებული და ორგანიზებული. „აკადემიურმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენი კონტაქტები იმედია გაგრძელდება, ასევე ვიმედოვნებთ, რომ უნივერსიტეტელი ყოველთვის რჩება უნივერსიტეტელი, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს“-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ აკადემიური საბჭოს წევრის, პროფესორ ნინო ოკრიბელაშვილის თქმით,  „მიხეილ ჩხენკელი სულ ერთი წელია რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს, მაგრამ მან შეძლო ურთიერთობის განსაკუთრებული მოდელის ჩამოყალიბება როგორც თანამშრომლებთან, ასევე აკადემიურ პერსონალთან. რაც მთავარია, მას აქვს ხედვა, როგორც საუნივერსიტეტო განათლებაზე, ასევე ის კარგად ხედავს სტუდენტის პრობლემებს, რომელიც მას სკოლიდან მოჰყვება“.

Print

« იხ. ყველა სიახლე