2018-05-03

თსუ-ში აშშ-ს ქიმიკოსთა საზოგადოების სერტიფიცირებისთვის მომუშავე კომიტეტი შეიქმნა

თსუ-ში აშშ-ს ქიმიკოსთა საზოგადოების სერტიფიცირებისთვის მომუშავე კომიტეტი შეიქმნა
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-ს ქიმიკოსთა საზოგადოების სერტიფიცირებისთვის მომუშავე კომიტეტი შეიქმნა. სასწავლო პროგრამების სერტიფიცირება 2021 წლიდან იგეგმება და იგი უზრუნველყოფს პროგრამების ხარისხის განვითარებას და ამ მიმართულებებზე სტუდენტების მოზიდვას. კომიტეტის წევრები თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის ოთხივე მიმართულების პროფესორები და სან დიეგოს უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი უილიამ ტონგი არიან. ამ საკითხზე მომუშავე პირველი მინისიმპოზიუმი 3 მაისს გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც თსუ-ს დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ქიმიკოსთა ასოციაციის ინიციატივით ტარდება სიმპოზიუმი, რომელიც ეხება ქიმიის განვითარების საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაცია პირველად გადის ქვეყნის გარეთ. ასოციაციამ გამოაცხადა თანხმობა იმაზე, რომ შეამოწმებს აკრედიტირებულ პროგრამებს და მიანიჭებს საერთაშორისო აკრედიტაციას. ეს სააგენტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე იმუშავებს და მთელ რეგიონს მოიცავს.“

„სიმპოზიუმზე წარმოდგენილი ვართ, როგორც ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სტუდენტური ჯგუფი. ჩვენი შემდგომი ნაბიჯია არა მხოლოდ სტუდენტური, არამედ  პროფესიონალთა რეგიონული ჯგუფის შექმნა - პროფესორების, ბიო-ტექნიკური ინდუსტრიის და სხვა მეცნიერებისთვის. აქ შეიქმნება ოფისი, რომელიც არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შავი ზღვის რეგიონსაც მოიცავს,“
- განაცხადა სან დიეგოს უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულების ხელმძღვანელმა უილიამ ტონგმა.

სიმპოზიუმზე დასასწრებად თსუ-ში სპეციალურად ჩამოვიდნენ ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულებით გამოჩენილი მეცნიერები სან დიეგოს უნივერსიტეტიდან. ღონისძიების ინიციატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, ამერიკული ქიმიური საზოგადოება და SDSU-ს სტუდენტური ორგანიზაცია.






Print

« იხ. ყველა სიახლე