ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-18

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა:1918-1921“

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა:1918-1921“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გამოფენა - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა:1918-1921“ გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპონატები, რომელიც პირველი რესპუბლიკის არსებობის სამწლიანი პერიოდის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებას ასახავს. დიდი ნაწილი ეთმობა სახალხო განათლების სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა 1918-1921 წლებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ მცირე დროის მონაკვეთში საქართველოში აშენდა 1200-მდე ახალი სკოლა, მთლიანად გაქართულდა სახელმძღვანელოები, რაშიც მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე და თსუ-ს ბევრი პროფესორ-დამფუძნებელი. 100-ზე მეტი ახალგაზრდა გაიგზავნა სასწავლებლად ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში და ეს იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი იმ პერიოდში, “- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული დამოკიდებულების ამსახველი დოკუმენტები. თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით: ,,1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის განათლების პოლიტიკამ მანამდე არსებული განათლების სისტემის ყველა ასპექტი ძირეულად შეცვალა. აქ არის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ თუ როგორ გარდაიქმნა განათლება სასკოლო მიმართულებით უმაღლეს დონეზე“.

ცენტრალურ ფოიეში გამოიფინა 1918-1921 წლებში მიმდინარე განათლების რეფორმის შესახებ დოკუმენტები და ფოტომასალები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დაარსებულ სკოლათა სიები, ცნობილ პირთა მასწავლებლებად დანიშვნის ბრძანებები, წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ გაგზავნის პროგრამის მასალები, დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული დამოკიდებულების ამსახველი დოკუმენტები. მასალები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, თსუ ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში კი გამოიფინა თსუ ემიგრაციის მუზეუმში დაცული უნიკალური მასალები და ექსპონატები: სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშისა და გერბის მაკეტები), სახელმწიფო ბეჭდებისა და ლუქების ნიმუშები, შტანდარტის კლიშე, დემოკრატიული მთავრობისა და უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის მიმოწერები, საქართველოს კონსტიტუცია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე; პირველი დემოკრატიული მთავრობის ეპისტოლური მემკვიდრეობა, ოფიციალური დოკუმენტები; ემიგრაციაში წასული მთავრობის წევრების, საზოგადო მოღვაწეების ფოტო და დოკუმენტური მასალები. „გამოფენაზე დიდი ადგილი ეთმობა ყველაზე მნიშვნელოვან სამ დიდ მოვლენას, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას წარმოაჩენს. ეს არის ავტოკეფალიის აღდგენა, ქართული უნივერსიტეტის დაარსება და სახელმწიფოებრიობის გამოცხადების 100 წლის იუბილე,“- განაცხადა თსუ მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ.

ღონისძიებაზე ვლადიმერ ვოიტინსკის წიგნის „ქართული დემოკრატიის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. მთარგმნელები: ქეთევან ქუსიკაშვილი, თამარ ხეტაშვილი. „ეს ნაშრომი წარმოადგენს ერთ-ერთ სრულფასოვან და სრულყოფილ ნაშრომს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, რომელიც 1921 წელს პარიზში გამოიცა ფრანგულ ენაზე. მასში განხილულია რესპუბლიკის თითქმის ყველა სფერო და მნიშვნელოვანი მოვლენები. ჟურნალისტური სადა სტილით დაწერილი ეს ნაშრომი საუკუნის წინ ევროპელი მკითხველისათვის შეიქმნა, რათა მათთვის გაეცნო ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიაში მდებარე დემოკრატიული სახელმწიფო. წიგნი გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა,“- აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის დირექტორმა ირაკლი ირემაძემ.   

ღონისძიებაზე ქართველი ემიგრანტების შთამომავალმა მიშელ რამიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბაბუის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, სახალხო განათლებისა და სამხედრო მინისტრის-ნოე რამიშვილის დოკუმენტები გადასცა პირადი არქივიდან.


Print

« იხ. ყველა სიახლე