2017-09-27

ABET აკრედიტაციის ექსპერტები თსუ-ში

ABET აკრედიტაციის ექსპერტები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორი პროგრამა - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი გ. ღვედაშვილი) და კომპიუტერული მეცნიერებები (პროგრამის ხელმძღვანელები პროფესორები კ. გელაშვილი, მ. ხაჩიძე, ა. გამყრელიძე და გ. სირბილაძე) საერთაშორისო აკრედიტაციას - ABET აკრედიტაციას 2019 წელს მიიღებს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით, ამ პროგრამების მონიტორინგის მისიით თსუ-ს ეწვივნენ ABET აკრედიტაციის ექსპერტები - პროფესორები ჯო ტურნერი და ფრენკ ნოელი. საერთაშორისო ექსპერტებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანებთან რამაზ ხომერიკთან და კენ უოლშთან. კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტებმა მოამზადეს სასწავლო პროგრამების დეტალური თვითშეფასება, კურიკულუმის ცვლილებები და სხვა დოკუმენტაცია, რაც საჭიროა ABET აკრედიტაციისთვის. ყველა დოკუმენტი დეტალურად იქნა განხილული ექსპერტთა ვიზიტის დროს და გამოითქვა კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ პროგრესი სახეზეა და ამბიციური გეგმა, რომ პროგრამებმა ABET აკრედიტაცია 2019 წელს მიიღონ, მიღწევადია. 
Print

« იხ. ყველა სიახლე