ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-14

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სტუდენტებს შეხვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სტუდენტებს შეხვდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ,,პარლამენტის როლი საჯარო მმართველობის პროცესში“ წაიკითხა და ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

სტუდენტებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური პერსონალი. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პარლამენტარმა მოისმინა სტუდენტების მოსაზრებები და პოზიცია ბოლო დღეებში განვითრებულ მოვლენებზე, უპასუხა მათ კითხვებს.

თამარ ჩუგოშვილმა მიმოიხილა პირველი რესპუბლიკის გამოცდილება და აღნიშნა, რომ 100 წლის წინ, საქართველო ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყნა და დეკლარირებული ჰქონდა ის ღირებულებები, რომლებიც ბევრმა ევროპულმა ქვეყნამ მოგვიანებით გაიზიარა. მისი თქმით, ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა დაგეგმილი იყო პარლამენტის როლზე სასაუბროდ. თემატიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა შექმნილი  სხვადასხვა თემებთან დაკაშირებით, რომელიც ახალგაზრდებისთვის საინტერესოა“.

„სტუდენტები საკმაოდ აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, გამოხატეს საკუთარი აზრი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის განვითარების გზებზე. ბევრი საინტერესო საკითხი იყო განხილული. ეს ყველაფერი კეთდება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ლექციას უმასპინძლა“,- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

დისკუსია საჯარო ლექციების ციკლისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში გაიმართა.


Print

« იხ. ყველა სიახლე