ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-09-21

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, რუსულ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების გზებზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
  
შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული იყო, - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, „მთავარი გზავნილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატო-ს გენერალური მდივნისა და სტუდენტების შეხვედრის დროს გაჟღერდა, იყო ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ძალიან ღია და საინტერესო დიალოგი შედგა. საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ის ატარებს განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. სტუდენტებს საკმაოდ კრიტიკული შეკითხვები ჰქონდათ და, ვფიქრობ, ძალიან კარგი პასუხები მივიღეთ.“ 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა როუზ გიოტმიოლერმა ხაზი გაუსვა ნატო-ში ინტეგრაციისთვის განსახორციელებელი რეფორმების მნიშვნელობას:  „ბოლო წლების განმავლობაში  საქართველო ცდილობს აქტიურად გადადგას ნაბიჯები ნატო-ში გასაწევრიანებლად. თქვენს ქვეყანას აქვს პროგრესი რეფორმების კუთხით, ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, ასევე, შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიმართულებით, რაც ნატო-ში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ასპექტებია.“ 

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში, რომელიც ჩატარდება  თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში. აგრეთვე, დაესწრება მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას.

აღნიშნული ვიზიტი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საშუალებას მისცემს ადგილზე შეაფასოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი, გაეცნოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და განიხილოს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი.

ივლისში გამართული ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შემდეგ, სადაც პირველად ისტორიაში საქართველოს საკითხზე გაიმართა შეხვედრა მოკავშირეებთან უმაღლეს დონეზე, ახლა უკვე გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი ცხადყოფს ნატო-საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებს. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.





Print

« იხ. ყველა სიახლე