ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის ,,თსუ-ჰიუნდაის“ წევრები რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. „თსუ-ჰიუნდაი“ “ა” ლიგის გამარჯვებული გახდა და 2018-2019 წლების სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს.
თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ კალათბურთელებს ტრადიციის ღირსეულად გაგრძელება და წარმატება უსურვა:
"წელიწადნახევრის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეერთიანებინა ჩვენი და ჰიუნდაის საკალათბურთო გუნდები, რაც აღმოჩნდა სწორი სტრატეგიული სვლა. იმედია "თსუ-ჰიუნდაის" სპორტსმენები მიაღწევენ იმ დიდ წარმატებას, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა ჩვენ კალათბურთელებს - დაწყებული 1924 წლიდან, როცა უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა პირველი საკალათბურთო გუნდები. წლების განმავლობაში თსუ იყო ქვეყნის ჩემპიონი. ამიტომ ჩვენ ძალიან მაღალი თამასა გვაქვს მოთხოვნების. ვიმედოვნებ, რომ ამ გაერთიანებით წარმატებებს მივაღწევთ.“
,,თსუ და ჰიუნდაის ურთიერთობა დაიწყო წელიწადნახევრის წინ. ჩვენ წინა წელს მეორე ადგილი დავიკავეთ "ა" ლიგაში, წელს კი გავიმარჯვეთ, წარმატებით დავასრულეთ ,,ა“ ლიგის ჩემპიონატი და სუპერლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. დიდი შრომა ჩაიდო ამ წარმატებაში. მიხარია, რომ თსუ დაუბრუნდა სუპერლიგას და დიდ კალათბურთს,“- აღნიშნა ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორმა
დავით გიორგობიანმა.
„ჩვენ გუნდს საკმაოდ სერიოზული გეგმები აქვს დასახული და, იმედია, მომავალში წარმატებით გავაგრძელებთ სვლას სუპერლიგაში. ,,თსუ-ჰიუნდაი“ იქნება ერთ-ერთი მოწინავე პოზიციის მქონე გუნდი. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი“ – განაცხადა „თსუ-ჰიუნდაის“ კალათბურთელმა
სანდრო სანაძემ.
ღონისძიებაზე თსუ რექტორმა ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორი დავით გიორგობიანი უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის წარმატებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.