2017-06-23

თანამშრომლობის მემორანდუმი

თანამშრომლობის მემორანდუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მინისტრმა სოზარ სუბარმა მოაწერეს.

თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი ბევრი მიმართულებით მუშაობას გულისხმობს, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული სტუდენტების  ხელშეწყობის, საბიბლიოთეკო ფონდის შევსების მიმართულებით. „სამინისტროსა და უნივერსიტეტის პროფესორის, გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას დახმარებით, თბილისში ჩამოვიდა არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნის, ტუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორის კლაუს შვაგელის  უმდიდრესი კერძო ბიბლიოთეკა, რომელიც მან უანდერძა თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტს. ეს არის უნიკალური წიგნები, ალბომები, რომლებიც ეძღვნება ხელოვნების ისტორიას, არქიტექტურას. ბიბლიოთეკა სამენოვანია: ინგლისურენოვანი, გერმანულენოვანი, ფრანგულენოვანი. ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამდიდრდება ამ წიგნებით. იგი ხელმისაწვდომი იქნება როგორც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ასევე ნებისმიერი მსურველისთვის“,- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ძალიან წაადგებათ ჩვენს დევნილ სტუდენტებს და ამავდროულად, სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვისაც.  ბოლო წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას. ის რომ თსუ უკვე მოხვდა რეიტინგებში ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის და წლიდან წლამდე ეს რეიტინგი უმჯობედება, მიანიშნებს იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მოხარულები ვიქნებით, თუ  ჩვენც, თუნაც მცირე წვლილის შეტანას შევძლებთ უნივერსიტეტის წარმატებებში“,- აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტრო უნივერსიტეტს პერიოდულად გადასცემს საგანმანათლებლო-სამეცნიერო ლიტერატურას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესის თანახმად  მაღალი აკადემიური შედეგების მქონე დევნილი სტუდენტების შერჩევას  სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.  








Print

« იხ. ყველა სიახლე