ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-07-28

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მრჩეველი თსუ-ში

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მრჩეველი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მრჩეველი ტეფიკ ნავარი ეწვია. მსოფლიო ფედერაციის მრჩეველმა სამედიცინო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის გამართა მოხსენება თუ როგორ ხდება სამედიცინო სკოლების საერთაშორისო აკრედიტაცია. შეხვედრას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სამედიცინო სკოლების აკრედიტაციის საჭიროებაზე და იმ სტანდარტებზე ვიმსჯელეთ, რომლის მიხედვითაც ხდება სამედიცინო სკოლების აკრედიტაცია“,-აღნიშნა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მრჩეველმა ტეფიკ ნავარიმ. მისი თქმით, საქართველოს სტუმრობენ ექსპერტები, რომლებიც შეაჯამებენ არსებულ მდგომარეობას, წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს და მისცემენ რჩევებს უნივერსიტეტებს.

თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთან სამედიცინო განათლების აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო ფორმატის შეხვედრა გაიმართა. „ძალიან კარგი არის, რომ გადავდივართ საერთაშორისო აკრედიტაციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები მიიღებენ დიპლომებს, რომლებიც აღიარებული იქნება მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ და იმედია, რომ ექსპერტების, ჩვენი კოლეგების დახმარებით უცხოეთიდან შევძლებთ, ჩვენი მომავალი მედიკოსები მაღალი სტანდარტებით მოვამზადოთ“.

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მრჩევლის ტეფიკ ნავარის ვიზიტი საქართველოში 30 ივლისამდე გაგრძერლდება.



Print

« იხ. ყველა სიახლე