2017-09-15
მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის 2017 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თსუ მაგისტრატურა წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ცერემონიას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, კურსდამთავრებულების ცხოვრებაში დიდი ეტაპი დასრულდა, ისინი დღეს მაგისტრები არიან, და დარჩებიან უნივერსიტეტელებად.
„ძალიან ლამაზი ზეიმი იყო და ვფიქრობ, რომ ასეთი შემართებით გაგრძელდება ჩვენი კონტაქტები, ყველა გახდება წარმატებული და უნივერსიტეტის დამთავრება იქნება წარმატების ფორმულა“-აღნიშნა
გიორგი შარვაშიძემ.
თსუ მაგისტრებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტელმა და თსუ-ს ორგზის კურსდამთავრებულმა დავით გოგიჩაიშვილმა.
„როდესაც ვამბობთ სიტყვა წარმატებას, ყველა ჩვენგანს გვაქვს ამ სიტყვის ინდივიდუალური განმარტება. მინდა გაგიზიაროთ წარმატების სამი გაგება: წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც შენი წარმატება სასარგებლოა სხვებისთვისაც; წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს გულით და მესამე გაგება ეს არის წარმატებასა და ბედნიერებას შორის ურთიერთდამოკიდებულება. ის, რომ თქვენ თსუ-ში ცხოვრების მეგობრები შეიძინეთ არის წარმატება და ბედნიერება“,-განაცხადა
დავით გოგიჩაიშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა, მისთვის, როგორც უნივერსიტეტელისთვის ამაღლებული გრძნობაა.
2017 წლის მაგისტრატურის წარჩინებული კურსდამთავრებული ომიკო ეჯიბია სწავლის გაგრძელებას კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს.
„დღეს მაგისტრები გავხდით. კიდევ ერთხელ, ვუსურვებ ყველას წარმატებებს და ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას. კმაყოფილი ვარ ამ ორი წლის განმავლობაში არაბისტიკის მიმართულებითა და ჩემი კურსით, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო, ამიტომაც ვაპირებ რომ გავაგრძელო სწავლა დოქტორანტურაში. იმედი მაქვს, რომ ერთხელაც მეც გავხდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,“- თქვა
ომიკო ეჯიბიამ.
საზეიმო ღონისძიებაზე სტუდენტური ჰიმნის „გაუდიამუსის“ ორიგინალური ვერსია „TSU Art“-მა და ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა „უნივერსიტეტმა“ წარმოადგინეს.
თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს, მათ შორის 95 სამაგისტრო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
« იხ. ყველა სიახლე