2018-03-30

მსოფლიო ბანკის ექსპერტების ვიზიტი თსუ-ში

მსოფლიო  ბანკის  ექსპერტების  ვიზიტი  თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის ექსპერტები პეტერ ინდჰოლმი და ნიკოლა კოიუჩაროვი ესტუმრნენ. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)  გეგმავს უნივერსიტეტებში ტექნოლოგიების გადაცემის პროცესების განვითარებას. შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, თსუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. ექსპერტები გაეცნენ უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს და დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები.

„მეცნიერების კომერციალიზაცია უმნიშვნელოვანესი ამოცანაა თითოეული უნივერსიტეტისათვის. გამოყენებითი მეცნიერების მიზანიც, სწორედ, მისი მიღწევების ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებაა. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები დიდი ხანია თავისი სამეცნიერო ნაწარმის შედეგების კომერციალიზაციას ახდენენ. ეს, ერთი მხრივ, ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით პროდუქტის გავრცელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ, ძალიან კარგი შემოსავალია უნივერსიტეტისათვის, რაც თავისთავად ხელს უწყობს  მის განვითარებას,“- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ. მისი თქმით, თსუ აქტიურად ფიქრობს ჩაერთოს პროექტში, რომელიც მეცნიერების მხარდაჭერასა და მის კომერციალიზაციას გულისხმობს.

მსოფლიო ბანკის ექსპერტის პეტერ ინდჰოლმის თქმით, „მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს GITA-ს, რომელიც ცდილობს განავითაროს ინოვაციური კულტურა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. დღეს არის მეტად სპეციფიკური დისკუსია უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ვთანხმდებით თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ GITA-სთან, როგორ განავითარონ და ჩამოაყალიბონ ინოვაციები, რომლებიც ქვეყანაშივე იქნება გამოყენებული. ასევე, განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში არსებული კომპანიების კონკურენტუნარიანობა.“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, მეცნიერების კომერციალიზაცია, ტექნოლოგიების გადაცემა და სწავლებისა და კვლევის პროცესში ინოვაციების წახალისება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა ფონდებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.



Print

« იხ. ყველა სიახლე