ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნიურნბერგის საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესზე საქართველოს წარმოადგენდა. შეჯიბრში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე სამართლის სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას, თსუ-ს გუნდი წერილობითი პოზიციის დოკუმენტების (დაცვის მხარის და პროკურორის მემორიალები) ჯამური ქულით მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო საერთო რეიტინგით (ზეპირ გამოსვლებსა და წერილობით კომპონენტში მიღებული შეფასება) კი გუნდმა მე-17 ადგილი დაიკავა. საერთაშორისო პროცესზე თსუ საერთაშორისო სამართლისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისაგან -
ნანა ყრუაშვილის,
თამთა შამათავასა და
ნინო გოშხეთელიანისაგან შემდგარი გუნდით წარსგა. გუნდის მწრთვნელი ასევე საერთაშორისო სამართლის მაგისტრანტი
გიორგი ბაიძე იყო. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი რაუნდის საუკეთესო გამომსვლელად გუნდის წევრი - ნანა ყრუაშვილი დასახელდა.
საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 25-28 ივლისს ნიურნბერგში, სწორედ იმ შენობასა და სასამართლო დარბაზში ჩატარდა, სადაც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ გაასამართლეს ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური ლიდერები და სამხედრო დამნაშავეები. გუნდის წევრებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სიმულაციის ფარგლებში მოუწიათ პროკურორისა და დაცვის მხარის პოზიციების წარდგენა. განსახილველი თემები მოიცავდა საერთაშორისო სისხლის სამართლის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა კიბერ-შეტევა, როგორც ომის დანაშაული, დამონება, როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, გენოციდი, სასამართლოში მტკიცებულებათა დასაშვებობა და სხვ.
ნიურნბერგის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობით თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა დაასრულა 2017-2018 სასწავლო წელს საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის ციკლი, რომელიც გარდა ამ იმიტირებული პროცესისა, მოიცავდა თსუ-ს გუნდების მონაწილეობას ხუთ სხვა ცნობილ საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში, სადაც გუნდებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს.
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტებისათვის როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ინსტიტუტის დირექტორს, აკადემიკოს
ლევან ალექსიძეს და საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კვლევითი და სასწავლო ცენტრის დირექტორს, პროფესორ
ქეთევან ხუციშვილს, რომლის ინიციატივითაც დაიწყო თსუ-ში საერთაშორისო სისხლის სამართლის დამოუკიდებელ დისციპლინად სწავლება.