მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში სტუდენტური კვირეული „ფიროსმანის უკვდავება“ გაიხსნა, რომელსაც ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი
შარვაშიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე
ანსამბლ „უნივერსიტეტის“ კონცერტი გაიმართა. ასევე გამოიფინა თსუ
პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნახატები. პანკისის ხეობიდან
ჩამოსულმა კულტურული მემკვიდრეობის დესპანებმა თსუ
რექტორს სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სიმბოლიკით.
ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან
100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური კვირეული საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზბით იმართება.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით, მუზეუმი აუცილებლად უნდა იყოს ღია სივრცე, რომელსაც სტუდენტები ხშირად ეწვევიან.
„ნიკო
ფიროსმანის სახლ-მუზეუმში ძალიან საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. ზოგადად,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს თანამშრომლობის ძალიან სერიოზული
პლატფორმა ეროვნულ მუზეუმთან, ჩვენ შევქმენით ერთობლივი სადოქტორო
პროგრამა, რომელიც ინოვაციებს, ტექნოლოგიებს და კულტურულ მემკვიდრეობას
აკავშირებს. ეს არის ალბათ ის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდება ტრადიციები
და ინოვაციები, ყალიბდება ახალი კულტურა,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კახეთის მიმართულების კოორდინატორმა
დალი აბაშიძემ თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტურ კვირეულში მონაწილეობისთვის მადლობა
გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა სამომავლოდაც
გაგრძელდება.
„ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წელი გავიდა.
კვირეული სიმბოლურად გახსნა ჩვენმა ასწლოვანმა დედა უნივერსიტეტმა.
ვფიქრობთ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ და თავად ფიროსმანმა ძალიან
კარგი მეგობრები შეიძინა სტუდენტობის სახით. ჩვენი კავშირები გაგრძელდება
და გვინდა, რომ ახალგაზრდობა ეზიაროს იმ დიდ სულიერ მოძღვარს, რასაც
ფიროსმანი ერქვა“, - აღნიშნა დალი აბაშიძემ.
სტუდენტური კვირეული 22 მაისამდე გაგრძელდება და მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები მიიღებენ მონაწილეობას.