2017-09-20
საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ” (Humboldt-Kolleg) გაიხსნა, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჰუმბლოდტის ფონდის სტიპენდიატებს და ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატებს შეკრებს 12 ქვეყნიდან. საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან და 2017 წლის გერმანია-საქართველოს წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით წელს კონფერენციას საქართველო მასპინძლობს. კონფერენციის თემაა “გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში”. კონფერენციის ორგანიზატორია, საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი, პროფესორი
ალექსანდრე კარტოზია.
ჰუმბოლდტის ფონდი აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებსა და სპონსორობას უწევს როგორც ახალგაზრდა, ისე აღიარებულ მეცნიერებს. საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი 30-ზე მეტ წევრს ითვლის. კლუბის წევრები არიან ქართველი მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები. კლუბის წევრებს შორის არიან აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, პროფესორი ლევან იზორია, საქართველოს ელჩი გერმანიაში, პროფესორი ლადო ჭანტურია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, პროფესორი მერაბ ტურავა, სოხუმის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე და სხვა საქართველოში თუ საქართველოს გარეთ მომუშავე მეცნიერები.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჰუმბოლდტის ფონდის დეპარტამენტის თავმჯდომარე შტეფენ მელიხი, ბერლინის არქეოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენელი ჯონი აფაქიძე.
როგორც თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, ჰუმბოლდტის ფონდთან თანამშრომლობას გაცილებით დიდი ისტორია აქვს და ის ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის წლებამდე დაიწყო.
„ეს არ არის მხოლოდ 25 წლიანი ურთიერთობა, ეს გაცილებით ადრე დაიწყო, სანამ საქართველო გახდებოდა დამოუკიდებელი მაშინაც გვქონდა კავშირები. ძალიან ბევრი სამეცნიერო პროექტი განხორციელდა მათი მხარდაჭერით და თანამონაწილეობით“,- აღნიშნა რექტორმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, საერთაშორისო კონფერენციამ შეკრიბა ჰუმბოლდტის სტიპენდიატები, მაღალი პროფილის მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან.
„გვიხარია, რომ ამ კონფერეცნიის მონაწილეებს სათავეში უდგანან საამაყო ჰუმბოლდტელები - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, ბევრი სხვა გამოჩენილი მეცნიერი და მოღვაწე“-
აღნიშნა მინისტრმა.
„საქართველო-გერმანიის ურთიერთობების ზრდის დინამიკა როგორც სამეცნიერო, ისე ეკონომიკური, პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით, მაღალია. ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენი საზოგადოებები იზიარებენ, მტკიცდება ასეთი თანამშრომლობით, მათ შორის სამეცნიერო მიმართულებით. ჩვენ ამ თანამშრომლობის მადლიერები ვართ“,-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა
ლევან იზორიამ.
გერმანიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩმა
ჰაიკე პაიჩიმ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში 2017 წლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფერენცია დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლიან იუბილეს უკავშირდება. ამასთან, ელჩის თქმით, 2017 წელს საქართველოში პირველი გერმანული დასახლებების შექმნის 200 წლისთავი აღინიშნება, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
დღეს მონაწილეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატები
თამაზ გამყრელიძე (საქართველო),
კონსტანტინ აზადოვსკი (რუსეთი) და
ანილ ბჰატი (ინდოეთი).
აღნიშნულ მსხვილმასშტაბიან წარმომადგენლობით კონფერენციას, რომელიც “ჰუმბოლდტ-კოლეგ”-ის (HUMBOLDT-KOLLEG) სახელით არის ცნობილი, გერმანიის სახელმწიფოს ფონდი აფინანსებს. ყოველწლიურად HUMBOLDT-KOLLEG გერმანიის ფარგლებს გარეთ იმართება.
« იხ. ყველა სიახლე