2017-06-13

„მარიამ ლორთქიფანიძე - 95“

„მარიამ ლორთქიფანიძე - 95“
აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კონფერენციაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ იუბილე მიულოცა მარიამ ლორთქიფანიძეს, ყურადღება გაამახვილა საქართველოს უახლეს ისტორიაში მის როლზე. „ძალიან კარგია, რომ სამეცნიერო კონფერენციით აღინიშნება ქალბატონ მარიკას იუბილე. კონფერენციაში აქტიურად არიან ჩართულნი სტუდენტები. მარიკა ლორთქიფანიძემ თაობები აღზარდა. მისი ღვაწლი ქართულ მეცნიერებაში არის უზარმაზარი,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„მარიამ ლორთქიფანიძე ნამდვილად არის იმ რანგის მოღვაწე, რომელიც მთელი საქართველოსთვის და მთელი ჩვენი სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებისთვის არის უძვირფასესი შენაძენი მისი სამეცნიერო ნაშრომების, პროდუქტიულობის  და სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი აქტიური მონაწილეობის გათვალისწინებით. მინდა ვისურვო,  ქალბატონი მარიამის 100 წლისთავზეც გვქონდეს საშუალება, რომ მივულოცოთ მას და ვუსურვოთ შემდგომი ნაყოფიერი მოღვაწეობა,“-აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„გულწრფელად მეამაყება, რომ ვცხოვრობ ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძის საქართველოში. მას  უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში მეცნიერების განვითარებაში. იგი გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვნი საზოგადო მოღვაწე, რომლის განსაკუთრებით აქტიური როლი გვახსოვს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესებთან დაკავშირებულ მოვლენებში,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

ცნობილი ქართველი ისტორიკოსის იუბილეს უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის XI საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნავს. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, „მარიამ ლორთქიფანიძე არის უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი არის მარიამ ლორთქიფანიძე. მისი სიტყვა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი თაობისთვის იყო  და არის განსაკუთრებით საყურადღებო.“   

„დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი სიუბილეო თარიღის აღნიშვნისთვის.  ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, აღელვებულიც ვარ და, რასაკვირველია, ამაყიც. ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი დიდი გამოხმაურება და ინტერესია ჩემი იუბილესადმი. რამდენად ვიმსახურებ - ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ალბათ ეს გულწრფელი სიყვარულის გამოხატულებაა,“-მადლობა გადაუხადა მარიამ ლორთქიფანიძემ  ღონისძიების მონაწილეებსა და მთლიანად უნივერსიტეტს.

საიუბილეო ღინისძიების ფარგლებში პროფესორ თედო დუნდუას საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების მე-12 ტომის პრეზენტაცია, ასევე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორის ნინო კაკულიას დოკუმენტური ფილმის „ისტორიამ რა ჰქმნა?“ ჩვენება გაიმართა. ფილმი აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის მოღვაწეობას ეძღვნება.   

კონფერენციაზე, რომელიც ორ დღეს გასტანს,  იმუშავებს სხვადასხვა სექცია, სადაც წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ისტორიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ეთნოლოგია/არქეოლოგიის, ენათმეცნიერების, კულტურის კვლევების, ფილოსოფია/თეოლოგიის მიმართულებით.    
    



Print

« იხ. ყველა სიახლე