ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-08

თსუ სტუდენტები ტურისტული კომპანიების კვლევით პროექტში მონაწილეობდნენ

თსუ სტუდენტები ტურისტული კომპანიების კვლევით პროექტში მონაწილეობდნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის ტუროპერატორული კომპანიების კვლევით პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

კვლევით პროექტში 15 უნივერსიტეტის და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ. სტუდენტების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო პროგრამიდან იყო ჩართული.

თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, ტურისტული კომპანიების შესწავლა და კვლევა, ძალიან საინტერესო თემაა. კვლევაში თსუ-დან სტუდენტების მრავალრიცხოვანი ჯგუფი იყო ჩართული, რომლის თითოეული წევრი ტურიზმის მომავალი მენეჯერია. ანუ ის ადამიანები, ვინც უნდა მართონ ეს სისტემა მომავალში . "ტურიზმის სააგენტოს მიერ განხორციელებული კვლევა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მომავალ პროფესიონალებს ეძლევათ საშუალება, გამოსცადონ საკუთარი ძალები, რეალურ სივრცეში და რეალურ დროში შეისწავლონ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს მზარდ ტურისტულ ბაზარზე. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვეძახით სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. ეს უნდა იყოს სწავლებისა და მომავალი დასაქმების ძალიან მჭიდრო კავშირი, რაც მოხერხდა ამ პროექტის ფარგლებში“- აღნიშნა თსუ რექტორმა.

თსუ სტუდენტების კვლევით პროექტში ჩართვა თსუ-სა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფიძველზე განხორციელდა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას კვლევით პროექტებში, პრაქტიკის ორგანიზებას და სწავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. სტუდენტებმა კვლევის განხორციელების პროცესში მიიღეს კვლევის ჩატარების გამოცდილება და გაიღრმავეს ცოდნა ტურისტული სექტორის რეალური მდგომარეობის შესახებ.

კვლევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა, გამოიკითხა 192 შიდა, გამყვანი და შემომყვანი ტურისტული კომპანია. კვლევის დახმარებით განისაზღვრა მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები და სხვა.


Print

« იხ. ყველა სიახლე