2017-12-06

წიგნის „აკადემიური წერა სამართალში“ პრეზენტაცია

წიგნის „აკადემიური წერა სამართალში“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, სამართლის დოქტორის ანა დოლიძის წიგნის „აკადემიური წერა სამართალში“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც წიგნის ავტორმა ანა დოლიძემ აღნიშნა: „გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას საქართველო, არის ორიგინალური კვლევების წარმოება.  ამ წიგნის მიზანია ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდებს პირველივე კურსიდან გავაცნოთ კვლევის საფუძვლები, რათა მათ შექმნან მაღალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები და ნაშრომები.“

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური წრეების და იურიდიული სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ. 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე მომზადდა სამართლის სფეროში აკადემიური წერის სახელმძღვანელო. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან კარგი და საჭირო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აუცილებელია აკადემიური სფეროსთვის და სტუდენტებისთვის. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან საჭიროა შეიქმნას ბაზა და დადგინდეს ის სტანდარტები, რომელიც საჭიროა აკადემიური წერისთვის. ეს აგრეთვე იქნება ერთგვარი ზრუნვა ქართულ ენაზეც“.

სახელმძღვანელო „აკადემიური წერა სამართალში“ შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI/PROLoG) ახორციელებს და მისი მიზანია სამართლის სტუდენტებს და ლექტორებს წარუდგინოს სამართალში აკადემიური წერის ძირითადი პრინციპები. აღნიშნული პრინციპები უნივერსალურია და ხელს შეუწყობს ქართველი სტუდენტების აკადემიური ნამუშევრების ჰარმონიზაციას დასავლურ საუნივერსიტეტო სტანდარტებთან.



Print

« იხ. ყველა სიახლე