ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-16

მემორანდუმი თსუ-სა და ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის

მემორანდუმი თსუ-სა და ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  

მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტების მომზადებას. მათ შორის, გერმანელი სოციალ-დემოკრატის კარლ კაუცკის წიგნის „საქართველო: გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა. შთაბეჭდილებები და დაკვირვებები“ ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას.

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის შესწავლაში ევროპელი მემარცხენეების, კერძოდ გერმანელი სოციალ-დემოკრატების პუბლიკაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საუკუნისწინანდელ საქართველო-გერმანიის იდეოლოგიურ-პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ამ საკითხის შესწავლაზე ისაუბრა ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ: „ფრიდრიხ ებერტი იყო გერმანიის პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი. ამდენად, ერთგვარად სიმბოლურიც არის, რომ სწორედ ჩვენი ფონდი უჭერს მხარს ამ პუბლიკაციის გამოცემას. იმ პერიოდის ევროპული ურთიერთობები ცალკე შესწავლის საგანია, ვინაიდან იმ ორ-სამ  წელიწადში საქართველომ საკმაოდ ბევრ რამეს მიაღწია.“  

თსუ ბიბლიოთეკაში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის საქმიანობასა და კარლ კაუცკის წიგნზე გაამახვილა ყურადღება თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა. მისი თქმით, „მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას, რომლითაც უნდა აღინიშნოს მომავალი წლის მნიშვნელოვანი მოვლენები. ეს გახლავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100-წლისთავი და ჩვენი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე. ეს ნაშრომი თავისთავად არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომელიც თანამედროვის თვალით შეგვახედებს 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიაზე, ყოფაზე, კულტურაზე, პოლიტიკურ პროცესებზე.“  

მემორანდუმის მიზანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ქართველ და უცხოელ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც სტუდენტებში  წაახალისებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც XX საუკუნის დასაწყისის ევროპული სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის მოდელის შესწავლას.



Print

« იხ. ყველა სიახლე