ჟურნალი ნომერი: 7
არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება. 2015 წლის ზაფხული ისტორიაში შესაძლოა საინტერესო სამეცნიერო თარიღად შევიდეს თსუ მეცნიერთა და სტუდენტთა უნიკალური აღმოჩენის წყალობით – თსუ არქეოლოგიური ექსპედიციების ტერიტორიაზე, გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი) აღმოჩენილი ახალი არტეფაქტი, მეცნიერთა აზრით, შეცვლის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს.
ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებით შესწავლას საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს და შედეგად დაგროვილია ვრცელი ლინგვისტური მასალა ეტიმოლოგიური ლექსიკონების, მონოგრაფიებისა თუ ცალკეული სამეცნიერო სტატიების სახით. მიუხედავად იმისა, რომ ქართველურ შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა „ახალი პარადიგმა“, დღემდე არ შეჯერებულა ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი კვლევის შედეგები, არ განხორციელებულა ამ შედეგების სისტემური თანმიმდევრული ანალიზი იმ მიზნით, რომ შექმნილიყო ქართველურ ენათა სრულყოფილი ისტორიულ-შედარებითი გრამატიკა.
„მთელ რიგ უბედურებათა შორის, რაც ადამიანის სულსა და გულს სასტიკად ანადგურებს და ამახინჯებს, ყველაზე უფრო საშინელია გაუნათლებლობა, უცოდინარობა და აზრის შეზღუდულობა“ – ეს სიტყვები ეკუთვნის რუმინეთში მოღვაწე უდიდეს ქართველ ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს, რუმინეთისა და საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ რუმინეთის მიტროპოლიტს ანთიმოზ ივერიელს (1650-1716). მისი მემკვიდრეობა ქართულ ენაზე დღემდე არ იყო ნათარგმნი და, აქედან გამომდინარე, ქართულ სამეცნიერო სივრცეში პრაქტიკულად არ იყო შესწავლილი. მიზეზი ის არის, რომ ანთიმოზ ივერიელის თხზულებათა უდიდესი ნაწილი რუმინულ ენაზეა შესრულებული, ხოლო ბერძნულ და არაბულ ენებზე შექმნილი წერილები სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკების საცავებშია შემონახული.
„ქვეყანას აქვს სიმბოლოები – საიდენტიფიკაციიო ნიშნები თავისი თავისა და სხვებისთვის. ამ სიმბოლოებით ზომავს იგი თავის თავს, ამ სიმბოლოებით ეზომება სხვებს. სიმბოლების ბედი ასეთია: ან ისე ვეჩვევით, რომ ვეღარ ვაფასებთ, ანდა, საერთოდაც არ ვიცნობთ, იმიტომ, რომ აღარ გვჭირდება. გელათის აკადემია და “სასწავლებელი ყრმათათვის”, შემდგარი ქართული სახელმწიფოს სიმბოლოა, რომლის დაარსებიდან 900 წლისთავი ჩვენი საზოგადოებისათვის ასე შეუმჩნევლად გადის, ხოლო გელათის კატენებიან ბიბლიას (ბიბლიის ტექსტს, რომლის ყოველ მუხლს დართული აქვს სხვადასხვა ავტორისა და სხვადასხვა ხასიათის განმარტებები) – საქართველოს სულიერების, ინტელექტის, განათლების, წიგნის კულტურის სიმბოლოს, დღეს სპეციალისტები თუ იცნობენ.