2016-04-04
ბრძანება №:13/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) შიდა კომუნიკაციისა და გარე კორესპონდენციის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№ 13/29 - 01
28.03.2016        
ქ.თბილისი


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) შიდა კომუნიკაციისა და გარე კორესპონდენციის განხორციელების  წესის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (შემდგომში „ფაკულტეტი“) დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის  (შემდგომში “ISET”) შიდა კომუნიკაციისა და გარე კორესპონდენციის განხორციელების წინამდებარე  წესი:
1.1.     ISET უფლებამოსილია გამოიყენოს ფაკულტეტის შტამპი  და ფაკულტეტის ბლანკი ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით, ამასთანავე აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსობრივ სისწორეზე პასუხისმგებლობას იღებს ISET, რასაც ხელმოწერით ადასტურებს ISET-ის პრეზიდენტი/პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
1.2.    ფაკულტეტი უზრუნველყოფს ISET-ს ფაკულტეტის ბლანკებით, რომლებსაც ფაკულტეტის კანცელარიის მიერ მიენიჭება ქვე-კოდი (შიფრი) და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა ISET-ს.  ISET კვარტალში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს ფაკულტეტის კანცელარიას გამოუყენებელი და დაზიანებული ბლანკების შესახებ.
1.3.    ფაკულტეტი უზრუნველყოფს ISET-ის მიერ გაცემული დოკუმენტაციის რეგისტრაციასა და ფაკულტეტის ბეჭდით დადასტურებას.
1.4.    ISET უფლებამოსილია შიდა კომუნიკაცია და გარე კორესპონდენცია აწარმოოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
1.5.    ISET მხოლოდ სკოლის პრეზიდენტის ხელმოწერით გასცემს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) ცნობას (სტუდენტის სტატუსის შესახებ, სტუდენტის ფინანსური დავალიანების შესახებ, ინგლისურის ენის ცოდნის დამადასტურებელ ცნობას და სხვა.);
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათს;
გ) რეკომენდაციას;
დ) დიპლომის დანართებს;
ე) წარდგინება სტუდენტის საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩარიცხვის, ასევე სტატუსის შეწყვეტის, შეჩერებისა და დამატებით სემესტრში რეგისტრაციის შესახებ.
1.6.    წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის 1.5. ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა ISET-ის კორესპონდენცია ხორციელდება ფაკულტეტის დეკანისა და ISET-ის პრეზიდენტის ხელმოწერით.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,  პროფესორი         თეიმურაზ ბერიძე 
« უკან დაბრუნება