ფაკულტეტის შესახებ

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

1918 წელს გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების   სწავლებას საფუძველი ჩაეყარა სიბრძნისმეტყველების   ფაკულტეტზე. აღნიშნულ ფაკულტეტთან, 1918 წელს   ივ. ჯავახიშვილისა და ფ. გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე, პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ეკონომიკური განყოფილება (საეკონომიო დარგი). ამ დროიდან დაიწყო უნივერსიტეტში ეკონომიკური დისციპლინების სწავლება: ,,პოლიტიკური ეკონომია“, ,,სტატისტიკა“, ,,საფინანსო მეცნიერება“, ,,საქართველოს ეკონომიკური ისტორია“, ,,საეკონომიო მოძღვრებათა ისტორია“, ,,ბუხჰალტერია“. ეკონომიკის დარგს სათავეში ედგა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერებების ჩამოყალიბების ფუძემდებლად.

1922 წელს დამოუკიდებლად  შეიქმნა სოციალ-ეკონომიკური  ფაკულტეტი (დეკანები: პროფ. შ. ნუცუბიძე, პროფ. დ. უზნაძე), რომელიც მოიცავდა ორ განყოფილებას ეკონომიკურსა და იურიდიულს. აღნიშნულ ფაკულტეტზე ,,პოლიტიკური ეკონომიის“, ,,საფინანსო მეცნიერებისა“ და ,,სტატისტიკის“ კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ფ. გოგიჩაიშვილი.

1931 წელს სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა   ეკონომიკის ფაკულტეტი, რომელიც გახდა ეკონომიკური პროფილის სასწავლო–აღმზრდელობითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ერთადერთი ცენტრი საქართველოში.  

ეკონომიკის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო მუშაობას საფუძველი ჩაუყარეს ცნობილმა პროფესორებმა, რომელთა დიდ ნაწილს საუნივერსიტეტო განათლება მიღებული ჰქონდათ უცხოეთის ცნობილ უნივერსიტეტებში, მათ შორის, იყვნენ : ფ. გოგიჩაიშვილი, პ. გუგუშვილი, ა. ფანცხავა, გ. მეგრელიშვილი, ბ. რამიშვილი, კ. ორაგველიძე, ა. ინწკირველი, ვ. ბახტაძე, ვლ. პაპავა, გ. გეხტმანი, ს. ავალიანი, ა. ერქომაიშვილი,  ა. ნუცუბიძე, ლ. კარბელაშილი,  ნ. ქოიავა,   ნ. იაშვილი, ს. ბერაძე, ა. გოკიელი, ვ. ჩანტლაძე,  ი. მიქელაძე, ვ. მელქაძე,   თ. ჭაია, ი. ჯაში და სხვ.

გასული საუკუნის 70–იან წლებში თსუ–ში შეიქმნა ეკონომიკური მიმართულების ახალი   ფაკულტეტები: სააღრიცხვო–ეკონომიკური (1975 წელი),   საინჟინრო–ეკონომიკური (1970 წელი),   სახალხო მეურნეობის დაგეგმვისა (1972 წელი) და ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის (1972 წელი). 1985 წელს სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი გაერთიანდა ეკონომიკის ფაკულტეტთან. 1995 წელს გაიხსნა საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი. გასული საუკუნის 90–იან წლებიდან 2005 წლამდე უნივერსიტეტში ეკონომისტთა კვალიფიციური კადრების მომზადებას ემსახურებოდა ოთხი ფაკულტეტი: ეკონომიკის,   მიკრეოკონომიკისა და მენეჯმენტის, კომერციისა და მარკეტინგისა და საერთაშორისო ბიზნესის.

2005 წლიდან საქართველოს სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმების ინტენსიური პროცესი   მიმდინარეობდა. ქვეყნებს   შორის კულტურული და სამეცნიერო კონტაქტების არსებითმა გაფართოებამ გამოიწვია უმაღლესი განათლების ჰარმონიზაციისა და   რეორგანიზაციის აუცილებლობა. თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტთა აღზრდისა და განათლების სისტემა გადავიდა მსოფლიოს წამყვანი   უნივერსიტეტების მუშაობის სტანდარტებზე. უმაღლესი განათლების სფეროში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების შემოღება პირველი დიდი ნაბიჯები იყო ევროპული და ამერიკული   განათლების   სისტემასთან    მიახლოებისაკენ.    უნივერსიტეტის ფაკულტეტები და მათ შორის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სწავლების ახალ, ორსაფეხურიან   სისტემაზე   გადავიდა.   მიმდინარე  რეფორმების   პერიოდში განხორციელდა ეკონომიკის პროფილის ოთხივე ფაკულტეტის გაერთიანება და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის მიმართულებით, ასევე, უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამებს: თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში, Master’s Program in Economics at International School of Economics at Tbilisi State University (ISET) და თსუ და ფრიდრიჰ შილერის სახელობის იენის ( გერმანია ) უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში ორმაგი ხარისხით (“Managing International Enterprises”) . არსებული საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად   არის უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო ტურიზმის მიმართულებით.

ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პრგოგრამებიდან სტუდენტები, მაგისტრები და დოქტორანტები ირჩევენ შესაბამის მოდულებს, კერძოდ, ეკონომიკის მიმართულებით: ბაკალავრიატი (7 მოდული) - „ეკონომიკური პოლიტიკა“, ,,მაკროეკონომიკა“, ,,საერთაშორისო ეკონომიკა“, „მენეჯერული ეკონომიკა“, „ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა“, ,,ეკონომიკური სტატისტიკა“, ,,შრომის ეკონომიკა“; მაგისტრატურა (8 მოდული) -   ,, თეორიული ეკონომიკა “, ,, ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია “,   ,, საერთაშორისო ეკონომიკა “,  ,, ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია ,   ,, მაკროეკონომიკა “, ,, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა “, ,, ბიზნესის ეკონომიკა “,  ,, ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა “.

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:  ბაკალავრიატი (8 მოდული) - ,, საბუღალტრო აღრიცხვა , ,, მარკეტინგი , ,, მენეჯმენტი , ,, ფინანსები და საბანკო საქმე , ,, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი , ,, საერთაშორისო ბიზნესი , ,, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი “; მაგისტრატურა (7 მოდული) - ,, ფინანსები და საბანკო საქმე “, ,, მენეჯმენტი “,   ,, საერთაშორისო ბიზნესი “, ,, აღრიცხვა და აუდიტი “, ,, მარკეტინგი “, ,, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი “, ,, საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი “; დოქტორანტურის პროგრამა მოიცავს შემდეგ კონცენტრაციებს: ,, საბუღალტრო აღრიცხვა , ,, მარკეტინგი , ,, მენეჯმენტი “, ,, ფინანსები , ,, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი ,   ,, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი , ,, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი .

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სტუდენტთა რაოდენობით ერთ-ერთი პირველია უნივერსიტეტში. ფაკულტეტზე აქტიური სტუდენტების რაოდენობა სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)   5000-ს აღემატება. ფაკულტეტზე ტრადიციულად ხვდებიან ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელები. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ემსახურება 20 პროფესორი, 57 ასოცირებული პროფესორი, 26 ასისტენტ-პროფესორი, 5 მასწავლებელი.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ამჟამად ფუნქციონირებს 14 კათედრა:

 

ფაკულტეტის  კათედრებზე  მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მუშაობა. ხორციელდება კვლევითი პროექტები თსუ დაფინანსების ფარგლებში. პროფესურა სამეცნიერო კვლევის შედეგების გამოქვეყნებას  ახდენს   ადგილობრივ და უცხოეთის საერთაშორისო რეფერირებად პერიოდულ გამოცემებში.  კვლევითი შედეგების პრეზენტაცია ხორციელდება უცხოეთში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებზე, ფორუმებსა და სემინარებზე.   სამეცნიერო კვლევებში აქტიურად არის ჩართული ფაკულტეტთან არსებული   ცხრა დამხმარე სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე   მიმდინარეობს ახალი, თანამედროვე სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა. თსუ სახელმძღვანელოების თარგმნის პროექტის ფარგლებში კათედრებზე ითარგმნება მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აღიარებული სასწავლო ლიტერატურა.  

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა-სამკითხველო, სადაც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ეკონომიკური და ბიზნესის მიმართულების   სახელმძღვანელოები.

ფაკულტეტზე წარმატებით ტარდება სტუდენტთა ყოველწლიური საუნივერსიტეტო კონფერენციები, ბიზნეს-ოლიმპიადები, სემინარები, ფორუმები, და სხვა. ასევე, სტუდენტები   მონაწილოებენ უცხოეთის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო-სასწავლო ღონისძიებებში.

ფაკულტეტის სტუდენტები ჩართულნი არიან თსუ-ში   მოქმედ ერასმუს-მუნდუსისა   ( IANUS )  და სხვა გაცვლით პროექტებში. მსგავს პროექტებში, ყოველწლიურად დაახლოებით    40-50 სტუდენტი მოიპოვებს სტიპენდიას. ასევე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ კვლევითი პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ფინანსდება დოქტორანტები. წარმატებით მიმდინარეობს სადოქტორო ხარისხის მინიჭება.

აქტიურად მიმდინარეობს უცხოელ პროფესორთა ვიზიტები და საჯარო ლექციების წაკითხვა ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე.

მემორანდუმების ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს სტუდენტებთა პროფესიული პრაქტიკა, როგორც ადგილობრივ, ასევე,   უცხოეთის წარმატებულ კომპანიებში.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2006 წლიდან ფუნქციონირებს ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ - გერმანული ინსტიტუტი , რომელიც წარმატებით ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას : ბერლინის ტექნიკურ , ბერლინის თავისუფალ , ცუკუბას ( იაპონია ) და პოტსდამის უნივერსიტეტებთან ; მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გერმანულ ინსტიტუტთან .

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გამოიცემა საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი ,,ეკონომიკა და ბიზნესი“.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ნორჩ ეკონომისტთა სკოლა, რომლის ფუნქციაა სკოლის მოსწავლეებისთვის ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური საკითხების გაცნობით მოქმედი პროგრამების პოპულარიზაცია და მოტივაციის ამაღლება. აღნიშნული სკოლის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ლექციები, კონფერენციები, გასვლითი ღონისძიებები.

ფაკულტეტი აქტიურად არის ჩართული საგრანტო პროექტების მოპოვებასა და განხორციელებაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებულ იქნა მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის ,,ტასის-ტემპუსის“ და სხვა პროექტები, ასევე, სასწავლო-საგანმანათლებლო გრანტები.