ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-06

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ საზეიმო ღონისძიება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ საზეიმო ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ პროფესორი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიებას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ფონდი რამდენიმე წელია წარმატებულად ფუნქციონირებს და ემსახურება ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენასა და მათ მხარდაჭერას.  „გვსურს, რომ ფონდი გახდეს საუნივერსიტეტო. ვარაუდობთ ორი მიმართულებით წასვლას: ერთი არის სასტიპენდიო დახმარება ნიჭიერი სტუდენტებისთვის და მეორე - თანხების აკუმულირება საუნივერსიტეტო სივრცისთვის. ეს იქნება სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სამეცნიერო პროექტები და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„სწავლების ხელშემწყობის ფონდი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ეხმარება სტუდენტებს, რომელთაც ძალიან მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ შესაბამისი ფინანსური სახსრები, რათა დაფარონ სწავლის გადასახადი.  სწორედ ამიტომაც ყოველი სემესტრის დაწყების წინ 15-20 სტუდენტი იღებს დაფინანსებას იმ შემოწირულობების ფარგლებში, რომელიც გროვდება ამ ფონდში,-“  აღნიშნა ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პროფესორმა დავით ნარმანიამ.

„ჩემი სწავლის გაგრძელების საკითხი ეჭვქვეშ იდგა, მძიმე სოციალური ფონზე შეუძლებელი გახდა გადამეხადა ჩემი სწავლის საფასური. ამ დროს ჩემი მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, ფონმდა გამომიწოდა დახმარების ხელი და მე დღეს უკვე ვარ მეოთხე კურსზე.  მე შევძელი მიმეღო შესაბამისი სწავლა-განათლება და გავმხდარიყავი წარმატებული. ჩემს გარდა არის კიდევ სხვა მრავალი სტუდენტი, რომელთაც აქვთ ამ ფონდის დახმარების იმედი,“- აღნიშნა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტმა თეონა გაბისონიამ.

ფონდის მისიაა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისთვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გზით. ფონდის წევრთა მოხალისეობის, ფიზიკური პირების, ბიზნესორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების შემოწირულობათა დახმარებით ორგანიზაციამ 80-ზე მეტ სტუდენტს უკვე დაუფინანსა სწავლის საფასური.            

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ 2014 წლის 19 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ინიციატივით დაარსდა. 2015 წლის 26 ნოემბერს ფონდს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა.   

სწავლის ხელშეწყობის ფონდის დირექტორმა, თსუ ასისტენტ პროფესორმა მანანა ხარხელმა მადლობა გადაუხადა ფონდის აქტიურ შემომწირველებს. საზეიმო ღონისძიებაზე „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერ ბიზნეს-კომპანიებს მადლობის სიგელები გადაეცათ: 

შპს „ქართული ლუდის კომპანია“-ცეზარ ჩოჩელი
შპს „მირა“-რამინ დავითაძე
შპს „წინანდლის ძველი მარანი“-ელდარ მილდიანი
შპს “PSP-Pharma” -კახა ოქრიაშვილი
შპს  „FMG”- გელა ჩადუნელი
ს/ს „ლიბერთი ბანკი“


Print

« იხ. ყველა სიახლე