ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-13

III საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა"

პრესრელიზი
III საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
"საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა"
2016 წლის 17-18 მაისი, თბილისი

2016 წლის 17-18 მაისს თბილისში ჩატარდება III საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: `საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა.
17 მაისს გაიმართება კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი (პლენარული სხდომა და სამეცნიერო მოხსენებები) თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა – ISET-ის საკონფერენციო დარბაზში, ხოლო 18 მაისს - კონფერენციის პრაქტიკული ნაწილი _ ვიზიტი “შატო მუხრანში” და ისრაელის კომპანია „ნეტაფიმ-საქართველოს“  სარწყავი სისტემის ობიექტზე.
კონფერენცია ეწყობა თსუ-სა და საქართველოში ისრაელის საელჩოს შორის, აგრეთვე თსუ-სა და  კომპანია „ნეტაფიმ-საქართველოს“  შორის თანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში.
კონფერენციის ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“.
2013 წლიდან დღემდე ცენტრი „იდეა“ მჭიდროდ თანამშრომლობს ისრაელის საელჩოსთან საქართველოში, რომელიც ყოველმხრივ დახმარებას უწევს ცენტრს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელჩის, ბატონ იუვალ ფუქსის მნიშვნელოვანი სისტემატური მხარდაჭერა სტუდენტთა საქმიანობისადმი.
საელჩომ, კომპანია „ნეტაფიმ-საქართველომ“ და ცენტრმა ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და დაგეგმეს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი, საკონფერენციო, სასწავლო-სატრენინგო და მთარგმნელობითი პროექტები 2016 და შემდეგი წლებისთვის.
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისათვის, საკუთარ ტრადიციებთან ერთად, აუცილებელია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სათანადო კონცეპტუალური საფუძვლების და პრაქტიკული გამოცდილების შესწავლა-გამოყენება სამეურნეო-მმართველობით პროცესში. ამ თვალსაზრისით მეტად სამაგალითოა ისრაელის ეკონომიკური განვითარება, რომლის რელიგიურ, ისტორიულ, სოციალურ და ეთიკურ კონცეპტუალურ საფუძვლებს ეყრდნობა თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია.  
III საერთაშორისო კონფერენცია იმითაა ღირსშესანიშნავი, რომ იგი ეძღვნება ისეთ აქტუალურ თემას, როგორიცაა „ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა“.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ-ს ადმინისტრაცია; ისრაელის საელჩო საქართველოში; ისრაელის კომპანია „ნეტაფიმ-საქართველო“; თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა – ISET; თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“; აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი არიან: დარეჯან თვალთვაძე _ თსუ-ს რექტორის მ.შ., პროფესორი; იუვალ ფუქსი _ ისრაელის ელჩი საქართველოში; თეიმურაზ ბერიძე _ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; ერიკ ლივნი _ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა _ ISET-ის პრეზიდენტი; დავით ნარმანია _ ქ. თბილისის მერი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი; გიორგი შიხაშვილი _ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“-ს დირექტორი, პროფესორი; აჰარონ გაგულაშვილი _ ისრაელის კომპანია „ნეტაფიმ-საქართველო“-ს დირექტორი; ნიკოლოზ ბაკაშვილი _ აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“-ს დირექტორი და  სხვ.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგებიან ისრაელის, აშშ-ის და უკრაინის უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და ბიზნესმენები.
მოხსენებათა დიდი ნაწილი, გუნდური ნაშრომების სახით, წარმოდგენილი იქნება თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“-ს წევრი სტუდენტების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მიერ. თსუ-ს სტამბაში უკვე დაბეჭდილია კონფერენციის შრომათა კრებული ISSN და ISBN  საგამომცემლო კოდებით.

გიორგი შიხაშვილი,     
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოც. პროფესორი,
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს
დირექტორი  12.05.16.


Print

« იხ. ყველა სიახლე