2017-01-30

ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების ქართული თარგმანის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტებისათვის მომზადდა სამი მსოფლიოში ცნობილი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი:
1. ჯონ დ. დენიელსი, ლი ჰ. რედებოგი, დენიელ პ. სალავინი - საერთაშორისო ბიზნესი: გარესამყარო და ოპერაციები;
2. ფილიპ კოტლერი, კევინ ლეინ კელერი - მარკეტინგის მენეჯმენტი;
3. ჯეფრი მ. ვულდრიჯი - შესავალი ეკონომეტრიკაში.
30 იანვარს, თსუ მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართა აღნიშნული სახელმძღვანელოების პრეზენტაცია: რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, თსუ მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ხადური, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
შეხვედრა გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. მოხსენებით გამოვიდნენ: საერთაშორისო ბიზნესის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ შენგელია, მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნუგზარ თოდუა და ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი იური ანანიაშვილი.
უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად იქცა, საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოების თარგმნა, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მშობლიურ ენაზე მიიღონ თანამედროვე მეცნიერული ცოდნა და ინფორმაცია. წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების მსოფლიოში ცნობილი სახელმძღვანელოების თარგმანის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე