2016-12-20

მარკეტინგის კათედრის პროფესორების მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში

თსუ მარკეტინგის კათედრის პროფესორები ნუგზარ თოდუა და ჩარიტა ჯაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მარკეტოლოგების ჩართვას მონოგრაფიის „Peace Marketing“-ის   (მშვიდობის მარკეტინგის) მომზადებაში. პროექტი განხორციელდა მარკეტინგის კლასიკოსის, პროფესორ ფილიპ კოტლერის პატრონაჟით. წინასწარი რეცენზიის შედეგად შეირჩა 32 ნაშრომი, რომლებიც წიგნში შესულია ცალკე თავებად. აღსანიშნავია, რომ ფილიპ კოტლერს მონოგრაფიაში ეკუთვნის 1-ლი თავი. მონოგრაფია დაიბეჭდა რუმინეთში,  2016 წლის სექტემბერში, გამომცემლობა Editura Universitara -ს მიერ( ISBN 978-606-28-0469-5 ) .

მარკეტინგის კათედრის პროფესორების მიერ შესრულებული ნაშრომი „Conceptual and Practical Aspects of Peace Marketing in Tourism (Georgian Case)“ წიგნში წარმოდგენილია 27-ე თავის სახით. მასში ნაჩვენებია, რომ საქართველო არა მარტო მიმზიდველი ტურისტული ადგილია კავკასიის რეგიონში, არამედ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს წინაშე დგას უამრავი პრობლემა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებზე უზარმაზარ გავლენას ახდენენ. საქართველოში კარგად აცნობიერებენ და აღიქვამენ ომისა და მშვიდობის ფასს. ნაშრომში შესწავლილია მშვიდობის მარკეტინგი, როგორც სხვადასხვა ერებს შორის ურთიერთგაგების, ტოლერანტობისა და ჰარმონიული ურთიერთობების ხელშეწყობისეფექტიანი ინსტრუმენტი. მასში გაანალიზებულია ის ძირითადი პრობლემები და პერსპექტივები, რომლებიც არსებობს საქართველოში ტურიზმისა და მშვიდობის განვითარების თვალსაზრისით. განსაკუთრებით ხაზგასმულია მარკეტინგული კომუნიკაციების როლზე მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში. ბოლო ხანებში საქართველოში ტურიზმის განვითარების შედეგები გვიჩვენებს, რომ ეს დარგი არა მარტო მომგებიანია, არამედ მშვიდობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების ძირითადი ვექტორია. ავტორების აზრით, ამ საქმეში წარმატების მიღწევისათვის აუცილებელია ისეთი შესაძლებლობების რეალიზება, როგორიცაა: უფრო მეტად დივერსიფიცირებული და მაღალხარისხიანი ტურისტული პროდუქტების შემუშავება, ეფექტიანი და ინტენსიური მარკეტინგული სტიმულირების ღონისძიებების ფორმირება, ვიზიტორების გამოცდილების ამაღლება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოში   მსოფლიო დონის ტურისტული ადგილების შექმნას, რომლებიც მეზობელი ქვეყნების მხრიდან მოთხოვნის სტიმულირებას განაპირობებს.

იხილეთ დანართი:
Print

« იხ. ყველა სიახლე