გაზაფხულის სემესტრის დაწყების წინ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
სტუდენტებს მცირედი, მაგრამ მაინც სასიამოვნო სიურპრიზი დახვდებათ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით განხორციელდა თსუ-ის მე-10 (მაღლივი) კორპუსის შიდა ეზოს გამწვანება და განახლება. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თეიმურაზ ბერიძის ინიციატივით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, პირადად ქალაქის მერის, პროფესორ დავით ნარმანიას თანადგომითა და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით თავდაპირველად მოხდა უნივერსიტეტის ეზოს ასფალტის საფარის გამოცვლა, მოგვიანებით ეზოში დაირგა ათი ახალი ნერგი (ნაძვისა და სოჭის ხეები) ხოლო ახლახან დაიდგა ხუთი ახალი სკამი. განსაკუთრებული მადლობა აუდიტორულ კომპანია BDO Georgia-ს რომელმაც ულამაზესი სკამები საჩუქრად გადმოსცა უნივერსიტეტს. კომპანიის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ ლალაზაშვილი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.