2014 წლის 5 სექტემბერს ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ მაასტრიხტში გაიმართა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გლობალური ბიზნესი, აღმოცენებადი ბაზრები და ადამიანის უფლებები: ძველი პრობლემები და ახალი შესაძლებლობები“ (Global Business,Emerging Markets and Human Rights: Old Concerns or Fresh Hopes), რომლის ორგანიზატორი იყო მაასტრიხტის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა (http://www.msm.nl/global-business-emerging-markets-and-human-rights-old-concerns-or-fresh-hopes/).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაში ასოცირებული პროფესორი ნინო პაპაჩაშვილი და ასისტენტ–პროფესორი ლელა ჯამაგიძე მონაწილეობდნენ. მოხსენებამ ,,ინსტიტუტების იმპორტი და ეკონომიკური ღირებულებების ტრანსფორმაცია: ეკონომიკური აგენტების ურთიერთქმედება საქართველოში“ (“Import of Institutions and Economic Value Transformation: The Interactions among the Economic Agents in Georgia”) მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. პროფ. პაპაჩაშვილმა წარდგენილი კვლევის თეორიულ საფუძვლებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ კვლევებში რეალობის ამსახველი თანამედროვე მიდგომების გამოყენების აუცილებლობაზე. პროფ. ჯამაგიძემ საქართველოს ქეისი წარადგინა და ეკონომიკური აგენტების ქცევა შეაფასა ახალი ინსტიტუციური გარემოს კონტექსტში. ნეოინსტიტუციონალიზმის პოზიციიდან მკვლევარებმა დასვეს საკითხი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში (მ. შ. საქართველოში) იმპორტირებული ინსტიტუტების და არსებული ღირებულებათა სისტემების შეჯახების შესახებ, რომელზეც ფუნდამენტურად არის დამოკიდებული განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმების წარმატება. მოხსენების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში განსაკუთრებული ინტერესი გამოვლინდა საქართველოში ევროპეიზაციის მიმართულებით რეფორმების თანმიმდევრული და სისტემატური კურსის შესახებ.
მენეჯმენტის სკოლის ადმინისტრაციამ სურვილი გამოთქვა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.