ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატი და პროფესორ-მასწავლებლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 49 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ხადური.
ნოდარ ხადური დაიბადა 1970 წლის 29 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ხოლო 1999 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. 2002 წელს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ხელმძღვანელობით დაიცვა სამეცნიერო ხარისხი თემაზე: "მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში (საქართველოს მაგალითზე)".
პროფესორი ნოდარ ხადური კითხულობდა ლექცია-სემინარების ციკლს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. 1999 წლიდან იგი მოღვაწეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2004-2005 წლებში იყო ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 2006 წელს აირჩიეს თსუ პროფესორად და მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელად. ამ საპატიო მისიას იგი ასრულებდა სიცოცხლის ბოლომდე და მთელი ამ ხნის განმავლობაში მან სტუდენტებისა და კოლეგების უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
ძალზე მრავალმხრივი გახლდათ პროფესორ ნოდარ ხადურის ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება. 1996-1997 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე. 1997-1998 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი. 1999-2000 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი; 2003-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი; 2004-2008 წლებში ნოდარ ხადური იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული კონსულტანტი.
2011 წლიდან პროფესორი ნოდარ ხადური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრია, ხოლო 2013 წლიდან აირჩიეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრად, 2012 წელს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრად. 2012-2016 წლებში ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრია, 2016 წლიდან დღემდე კი საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.
პროფესორი ნოდარ ხადური 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანში. მისი ხელმძღვანელობით და რედაქტორობით თსუ-ის მაკროეკონომიკის კათედრის მიერ მომზადდა, ითარგმნა და გამოიცა მრავალი ნაშრომი.
პროფესორ ნოდარ ხადურის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული საზოგადოების, უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ეკონომიკური წრეებისათვის. მისი ხსოვნა დიდხანს დარჩება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა გულში და გვჯერა, რომ მისი დიდი საქმეები შემდგომშიც განაგრძობს თავის ცხოველმყოფელ მოქმედებას ქართული მეცნიერების საკეთილდღეოდ.