2016-08-01

სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს საქმიანობის საერთაშორისო ასპექტები (საზაფხულო სკოლა, კიევი - 2016)

მიმდინარე  წლის 18-24 ივლისს, კიევში, უკრაინის სიცოცხლისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მუშაობაში, სპეციალური მიწვევის საფუძველზე, მონაწილეობა მიიღო ცენტრი “იდეა“-ს დირექტორის მოადგილემ, მეოთხე კურსის სტუდენტმა სალომე სალიამ.



აღნიშნული საზაფხულო სკოლა ემსახურებოდა მწვანე ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხების შესწავლას, უკრაინის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობას, მონაწილეთა ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას.



საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ უკრაინელი, პოლონელი და ყაზახი ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და ასპირანტურის სტუდენტები. სწავლება მიმდინარეობდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ლექცია-სემინარებით და გასვლითი მეცადინეობებით. პოლონეთისა და უკრაინის უნივერსიტეტების პროფესორები ინგლისურ ენაზე უძღვებოდნენ სასწავლო პროცესს. მოეწყო ვიზიტები ადგილობრივ ფერმებში, სპეციალური ტურები კიევში. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ადგილობრივი წარმოების ტექნოლოგიებსა და ტრადიციებს, მოენახულებინათ კიევის ღირსშესანიშნაობები და ესეირნათ მდინარე დნიპროზე გემით.



ზემოხსენებული უკრაინის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები მჭიდროდ თანამშრომლობენ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან. ისინი სისტემატურად მონაწილეობენ ცენტრ „იდეა“-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებში: „მწვანე ეკონომიკის მართვა“ (მესტია, 2014 წ.); „აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა“ (სიღნაღი, 2015 წ.) და „ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა” (თბილისი, 2016 წ.).



უკრაინის სიცოცხლისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ეროვნული უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავაც გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას. სახელდობრ, მომავალ წელს იგეგმება ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ჩატარება საქართველოში.

გიორგი შიხაშვილი, სტუდენტური კვლევებისა და
პროექტების ცენტრ „იდეა“-ს დირექტორი


31.07.2016

Print

« იხ. ყველა სიახლე