პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის -„მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი მოდელის ფორმირება“ პრეზენტაცია
11 მარტს,
სასტუმრო
„თბილისი მერიოტში“ გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძის
ახალი მონოგრაფიის - „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი
მოდელის ფორმირება“ პრეზენტაცია.
წიგნი არის ავტორის მონოგრაფიათა
სერიის გაგრძელება, რომელიც ეკონომიკური კრიზისების ბუნებას, მათი
პრევენციისა და დაძლევის სისტემურ ღონისძიებებს
ეხება. ნაშრომი ეძღვნება 2007-2009 წლების ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც პრაქტიკულად
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა.
პრაქტიკული მასალების საფუძველზე
წარმოდგენილია ავტორის საკუთარი შეხედულებები კრიზისების დაძლევის და ეკონომიკის მდგრადი
განვითარების გზების შესახებ.
ცალკე პარაგრაფი ეთმობა საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის განვითარებას და მის პრობლემებს. ნაშრომში კვლევის ცალკე მიმართულებაა სხვადასხვა სახელმწიფოთა მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, მათი ეფექტიანობისა და საკმარისობის შეფასება. მონოგრაფიაში მოცემულია კონკრეტული მაგალითები ცალკეული ქვეყნების მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღებული შედეგების თაობაზე და ასევე გაკეთებულია მათი შეფასებასაც.
ნაშრომი, რომელიც თავისი ფორმითა და სტრუქტურით ფუნდამენტური მონოგრაფიაა, განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური სპეციალობების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე ინსტიტუტების და იმ პირებისთვის, რომლებზეც სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ეკონომიკური (გეოპოლიტიკური, მაკროეკონომიკური, ფინანსური, ფულად-საკრედიტო, ფისკალური და ა.შ.) პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა.
« იხ. ყველა სიახლე