2015-03-19
ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველოს (BCNG) პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ პრეზენტაცია
23 მარტს, 13:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველოს (BCNG) წარმომადგენლები გამართავენ პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ პრეზენტაციას.
ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი (BCNG) ჰარჯუს ეკონომიკური განვითარების ცენტრთან (HEDC) პარტნიორობით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის დაფინანსებით შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს განახორციელონ ბიზნეს პროექტები. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდების (მათ შორის ძირითადად დევნილების) სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრების ჩატარება, რომელზეც ახალგაზრდები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილავენ ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს: არსებული ბიზნეს გარემო, მეწარმეობის განვითარების გამოწვევები ქვეყანაში, ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე და სხვა სახის დახმარებები დამწყები მეწარმეებისთვის, სამეწარმეო სწავლება და ა.შ
გარდა ამისა, ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები „მეწარმეობაში“. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ ბიზნეს იდეები. ასევე დაფინანსების მიღების საშუალება ექნებათ უკვე არსებული ბიზნესის მფლობელებს გაფართოებისთვის, ან ახალი პროექტების წამოწყებისთვის. ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი ყველა აპლიკანტს გაუწევს საკონსულტაციო მომსახურებას. ჯამურად ახალგაზრდებზე გაიცემა 200 000$-ის გრანტი. შეირჩევა 25 ბიზნეს პროეტი.
ასევე, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ბიზნეს გეგმების კონკურსი, რომელიც მოიცავს 3 ეტაპს:
• ბიზნეს გეგმების მიღება და შეფასება;
• შერჩეული ბიზნეს გეგმების განვითარება მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მენტორინგით და ბიზნეს გეგმების მეორედ შეფასება;
• გამარჯვებულების დაჯილდოება;
ბიზნეს გეგმების გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ესტონელი ექსპერტების თანამონაწილეობით.
პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა - 7, 500$; მეორე ადგილზე გასულს - 5, 000$, ხოლო მესამე ადგილზე გასულს - 3, 000$.
პროექტი დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
« იხ. ყველა სიახლე