ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-07-03

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში“.



2019 წლის 2 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პირველ კორპუსში ჩატარდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში“. აღნიშნული ღონისძიება ინიცირებული იყო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის და სტუდენტური ორგანიზაცია oikos Tbilisi-ის მიერ და მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების, კვლევისა და განვითარების საფუძველზე მდგრადი გლობალური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
კონფერენცია გახსნა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ივანე ჯავახიშვილის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი: პროფესორი, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, ასოცირებული პროფესორები თამარ ათანელიშვილი,  გულნაზ ერქომაიშვილი, ნაზირა კაკულია, მანანა ლობჟანიძე, ნინო ფარესაშვილი. კონფერენციაზე მოხსნებები გააკეთეს გაეროს ექსპერტებმა: ეკონომიკური და სოციალური განვითარების ოფიცერმა ბატონმა ბენედიქტ ჰოსეკმა და მდგრადი განვითარების კონსულტანტმა სახელმწიფო საკითხებში ქალბატონმა ნათია წიქარიძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ქალბატონმა მარიამ ხარაიშვილმა.
ღონისძიების მეორე ნაწილში გამართულ დისკუსიას უძღვებოდნენ მწვანეთა მოძრაობის ეკოლოგიური ასოციაციის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ჩხობაძე, ეკონომიკის დოქტორი ბატონი დავით ადეიშვილი, გარემოსდაცვითი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ქობალია. მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოს მდგრადი განვითარების კუთხით არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. გამომსველეთა მოხსენებებმა გამოიწვია დიდი ინტერესი და დისკუსია მოწვეულ სტუმრებს, პროფესორებსა და სტუდენტებს შორის.
კონფერენციის მესამე ნაწილი დაეთმო აღნიშნული საკითხით დაინტერესებული სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების წარდგენას, რომელთაც აფასებდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები. ღონისძიების ბოლოს მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.









Print

« იხ. ყველა სიახლე