ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-10

2014 წლის 23-24 იანვარს მერკატორიუმის უნივერსიტეტში (რომი, იტალია) ჩატარდა II საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,სისტემური აზროვნება მდგრადი ეკონომიკისთვის. ეკონომიკისა და მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის მიღწევები“

II საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,სისტემური აზროვნება მდგრადი ეკონომიკისთვის. ეკონომიკისა და მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის მიღწევები“


2014  წლის 23-24 იანვარს მერკატორიუმის უნივერსიტეტში (რომი, იტალია) ჩატარდა II საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,სისტემური აზროვნება მდგრადი ეკონომიკისთვის. ეკონომიკისა და მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის მიღწევები“ (http://bslab-symposium.net). სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღების მსურველი 54 ქვეყნის 311 აპლიკანტიდან შეირჩა 151 მონაწილე 21 ქვეყნიდან. საქართველოდან მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტეტის ასოცირებული პროფესორები: ია ნაცვლიშვილი, ინეზა გაგნიძე, ირინა გოგორიშვილი, ნინო პაპაჩაშვილი.




სიმპოზიუმის ორგანიზატორი იყო ბიზნეს-სისტემების ლაბორატორია. იგი საერთაშორისო არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ბიზნესის და სოციალური სისტემების მიმართულებით კვლევისა და სწავლების ხელშეწყობა. ორგანიზაცია  დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებს ბიზნეს-სექტორსა და აკადემიურ წრეებს შორის. მისი სამეცნიერო საბჭოს წევრები არიან ევროპის, ამერიკის და ავსტრალიის წამყვანი უნივერსიტეტების გამოჩენილი წარმომადგენლები.

სიმპოზიუმის მიზანს შეადგენდა გლობალური მდგრადობის განხილვა  სისტემურ კონტექსტში. ბუნებრივი და სოციალური სფეროების ურთიერთკავშირის სისტემური განხილვა შესაძლებლობას იძლევა უკეთესად იყოს აღქმული პრინციპები, რომლებიც ადამიანებს ეხმარება თანამედროვე  გარემოს, სოციალური და ეკონომიკური  მწვავე პრობლემების გადაჭრაში. სიმპოზიუმზე სწორედ ამ კუთხით იყო წარმოდგენილი უახლესი კვლევის შედეგები. ეკონომიკის, მენეჯმენტის, ინჟინერიისა და სოციოლოგიის მულტიდისციპლინურ განხილვებს საერთაშორისო ღონისძიებაზე აერთიანებდა სისტემური ხედვა მდგრადი განვითარებისთვის. ამასთან, აქცენტირებული იყო სისტემური მიდგომის თეორიული,  მეთოდოლოგიური, ტექნიკური და პრაქტიკული წვლილი   თანამედროვე გლობალური ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დღეს წესრიგის ფორმირებაში.



II საერთაშორისო სიმპოზიუმის სამეცნიერო საბჭოს წევრები იყვნენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეცნიერები  იტალიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან და სხვ. მათ მიერ დადებითი შეფასება მიეცა ქართველ პროფესორთა მიერ წარდგენილ მოხსენებათა მოკლე შინაარსებს და შეირჩა საკონფერენციო მოხსენებებისა და  სასტენდო პრეზენტაციისთვის. მოხსენებათა შინაარსები და აბსტრაქტები გამოქვეყნდა სიმპოზიუმის მასალათა კრებულში ელექტრონული ფორმით კომპაქტურ დისკზე (ISBN 9788890824203).



-    ასოც. პროფ. ინეზა გაგნიძის
მიერ სიმპოზიუმზე წაკითხულ იქნა მოხსენება ,,საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების როლი მდგრადი ეკონომიკისთვის“ (,,The Role of International Educational Programs for a Sustainable Economy“) სექციაში _ ,,განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ (სექციის ხელმძღვანელი პროფ. ო. ბოში (ავსტრალია));  



-    ასოც. პროფ. ია ნაცვლიშვილის მიერ სიმპოზიუმზე წაკითხულ იქნა მოხსენება  „მდგრადი მწარმოებლურობის გამოწვევები და მისი ზრდის ტენდენციები გლობალურ აგრარულ სექტორში“ (,,Challenges of Sustainable Productivity and Trends of its Growth in Global Agricultural Sector“) სექციაში „ეკონომიკური განვითარება კრიზისის პერიოდში: პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და მდგრადობა“ (სექციის ხელმძღვანელი: ვალენსიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის გამოყენებითი ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ხოსე როდოლფო ჰერნანდეს-კარიონი).




-    ასოც. პროფ. ირინა გოგორიშვილის მიერ სიმპოზიუმზე წარდგენილ იქნა სასტენდო მოხსენება „მდგრადი ეკონომიკური განვითარება და გლობალური კრიზისი“ (,,Sustainable Economic Development  and Global Crisis“) სასტენდო მოხსენებათა  პირველ სექციაში (სექციის ხელმძღვანელი პროფ. გიანკარლო სკოზესე (იტალია)).



-    ასოც. პროფ. ნინო პაპაჩაშვილის მიერ სიმპოზიუმზე წარდგენილ იქნა სასტენდო მოხსენება ,,სავაჭრო პროტექციონიზმი როგორც მსოფლიო ეკონომიკური სისტემის კრიზისის ასახვა“  (“Trade Protectionism as the Reflection of the Crisis of World Economic System”) სასტენდო მოხსენებათა მესამე სექციაში (სექციის ხელმძღვანელი პროფ. გიანკარლო სკოზესე (იტალია)).

წარდგენილმა მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია სიმპოზიუმის მონაწილეებში. ორგანიზატორებმა ქართველი მეცნიერები გააწევრიანეს ბიზნეს-სისტემების საერთაშორისო ლაბორატორიაში და  მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

Print

« იხ. ყველა სიახლე