ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-25

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტი: "ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სრულყოფის გზები მცირე და საშუალო - საწარმოებში"

24 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტის "ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სრულყოფის გზები მცირე და საშუალო - საწარმოებში" პრეზენტაცია. პროექტი მოამზადეს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ასოცირებულმა პროფესორებმა ლევან საბაურმა, ნადეჟდა კვატაშიძემ და ნანა სრესელმა.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ბერიძე და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელენე ხარაბაძე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.
 







თსუ  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტი


ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის  კათედრა
 
ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სრულყოფის გზები მცირე და საშუალო - საწარმოებში


საკითხის აქტუალობა:  
მცირე და საშუალო საწარმოების წილი ორგანიზებულ ბაზარზე მთელ მსოფლიოში ევროსტატის მონაცემებით შეადგენს 95-99%. ეს სექტორი მათი ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია. მცირე და საშუალო საწარმოები აქტიურად აწარმოებენ   საგარეო სავაჭრო ოპერაციებს და  არიან   კაპიტალის ბაზრის მონაწილენი. ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ მნიშვნელოვანია ბაზრის მონაწილეთათვის. პირველ რიგში ასეთი ინფორმაცია ესაჭიროება მათ დამფინანსებლებს - ბანკებს, კრედიტორებს და პოტენციურ ინვესტორებს, ფინანსური მდგომარეობის ანალიზისა და საწარმოს პერსპექტივების შესაფასებლად.

ეკონომიკაში მცირე და საშუალო საწარმოების  მნიშვნელობიდან გამომდინარე იზრდება  მოთხოვნა მათი ფინანსური ანგარიშგებისადმი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს  ინფორმაციის მომხმარებელთა მოთხოვნებს. ამისათვის ფინანსური ანგარიშგების ინფორმაცია უნდა ხასიათდებოდეს ინფორმაციის ფუნდამენტალური ხარისხობრივი მახასიათებლებით - შესაბამისობით და სამართლიანი წარდგენით.

ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) საბჭომ შეიმუშავა მცირე და საშუალო საწარმოთა ოპერაციებზე, გარიგებებზე და ინფორმაციის მომხმარებლბზე მორგებული ფინანსური ანგარიშგების  სტანდარტები (მსს ფასს). შედეგად მიღებულ იქნა გამარტივებული ფასს-ბი, რომლითაც მომზადებული ფინანსური ანგარიშგება იქნება იაფი, ხოლო ინფორმაცია მისი მომხმერებლებისათვის სასარგებლო. მსს ფასს გამოიცა 2009 წელს, მაგრამ ქართული ბიზნეს-სექტორისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 2014 წელს გახდა,  როდესაც  ქართულ ენაზე ითარგმნა .

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შედეგად წარმოიქმნა ვალდებულება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით მოხდეს კანონმდებლობის დახვეწა და მისი ევროსტანდარტებთან მიახლოება. „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ფორმდება ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას შორის და მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას. „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ სამართლებრივად სავალდებულოა.  „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის.“ ასოცირების შეთანხმების XXVIII დანართში მოცემულია კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ეხება კორპორაციულ სამართალს, ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტს, ასევე კორპორაციულ მმართველობას. საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს ზემოაღნიშნულ სფეროებში.

კანონმდებლობის დაახლოებასთან ერთად აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რომელი საწარმოები უნდა მივაკუთვნოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. ასოცირების შესახებ ერთიანი და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ფარგლებში ასევე მოცემულია მცირე და საშუალო საწარმოების განმარტებები, დადგენილია ის კრიტერიუმები, რომელი ტიპის საწარმო რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო თვითონ სტანდარტით უკვე განსაზღვრულია,  რომელი კატეგორიის ორგანიზაციებისთვის  არის ამ სტანდარტის გამოყენება სავალდებულო. ზემოაღნიშნული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც ეხება „ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას. აღნიშნული ცვლილებების პროექტის მიხედვით საწარმოები დაყოფილია შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

    მიკრო საწარმო – საწარმო რომლის მაჩვენებლები ანგარიშგების თარიღში (საანგარიშგებო წლის ბოლოს) არ აღემატება შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ორ კრიტერიუმს:
ა) ჯამური აქტივები-1 მილიონი ლარი;
ბ) შემოსავლები - 2 მილიონი ლარი;
გ) საანგარიშგებო წლის განმავლობაში თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა -10
    მცირე საწარმო – საწარმო, რომლის მაჩვენებლები ანგარიშგების თარიღში (საანგარიშგებო წლის ბოლოს) არ აღემატება შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ორ კრიტერიუმს:
ა) ჯამური აქტივები -10 მილიონი ლარი;
ბ) შემოსავლები -20 მილიონი ლარი;
გ) საანგარიშგებო წლის განმავლობაში თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა- 50
    საშუალო საწარმო, საწარმო, რომლის მაჩვენებლები ანგარიშგების თარიღში (საანგარიშგებო წლის ბოლოს) არ აღემატება შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ორ კრიტერიუმს:
ა) ჯამური აქტივები -50 მილიონი ლარი;
ბ) შემოსავლები -100 მილიონი ლარი;
გ) საანგარიშგებო წლის განმავლობაში თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა - 250
    მსხვილი საწარმო - საწარმო, რომლის მაჩვენებლები ანგარიშგების თარიღში (საანგარიშგებო წლის ბოლოს) აღემატება შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ორ კრიტერიუმს:
ა) ჯამური აქტივები -50 მილიონი ლარი;
ბ) შემოსავლები -100 მილიონი ლარი;
გ) საანგარიშგებო წლის განმავლობაში თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა - 250

აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდება, რადგან ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების 95% აღმოჩნდება მიკრო და მცირე საწარმოების რიცხვში. მიმდინარე ეტაპზე მცირე და საშუალო საწარმოებში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის არსებობის შესახებ ინფორმაციას მცირე მეწარმე სუბიექტები მოკლებულნი არიან, მაგრამ კიდევ უფრო მცირეა ინფორმაცია აღნიშნული სტანდარტით გათვალისწინებული განსხვავებული მიდგომების შესახებ, რაც გათვალისწინებულია ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების  სფეროში.
წარმოდგენილი საგრანტო პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დანერგვის მიმართულებით პრაქტიკული და მეთოდური სახის გზამკვლევის შექმნაში, რაც ხელს შეუწყობს სტანდარტის დანერგვის პროცესის სწორად წარმართვას.

კვლევის მიზანი და ამოცანები:
წარმოდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სრულყოფის  შესახებ მეთოდოლოგიური და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება როგორც მეწარმე სუბიექტებისათვის, ასევე ამ საკითხით დაინტერესებული სხვა პირებისთვისაც.

მცირე და საშუალო ბიზნესმა  განვითარების მძლავრი ინსტრუმენტი მიიღო სპეციალური სტანდარტის გამოსვლით მსს-ის ფასს-ის ანგარიშგების სახით. უპირველესად, არსებული გლობალური (სრული) ფასს-დან (მსხვილი საწარმოების ფასს) მსს ფასს-დე  „ერთი ნაბიჯია“: ისინი, ფასს-ი და მსს-ის  ფასს-ი  რიგ საკითხებში  მსგავსნი არიან და მსს ფასს-ის შემდგომი ტექნიკური გამოყენება არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას.  გარდა ამისა,  მსს-ის ფასს შეიცავს მთელ რიგ გამარტივებებს, რომლებიც არა მარტო უნარჩუნებენ ინფორმაციას საიმედოობას, არამედ უზრუნველყოფენ  სახსრების დაზოგვას ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის. შეიძლება გამოიყოს მცირე და საშუალო კომპანიებისთვის სტანდარტის გამოყენების შემდეგი უპირატესობები:

დაფინანსების მიღება გამარტივებული წესით.  იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იყენებენ სპეციალურ სტანდარტს მსს-ისთვის, შეიძლება გამარტივდეს დაშვება საკრედიტო რესურსებთან;

თანამშრომლების პროფესიული დონის ამაღლება. ფასს-ის საბჭო ვარაუდობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფასს-ის გამოყენება - ეს არის პირველი ნაბიჯი უფრო გავრცელებული და თანამედროვე სტანდარტების მიმართულებით. მსს-ის ფასს-ის გამოყენება ხელს შეუწყობს თანამშრომლების განათლების დონის ზრდას მცირე კომპანიებში, მათ შორის, აამაღლებს ფინანსური განათლების დონეს;

საერთაშორისო აუდიტის ჩატარება .  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ფასს-ის შესაბამისად კომპანია იღებს შესაძლებლობას, ჩაატაროს თავისი ანგარიშგების საერთაშორისო აუდიტი. ეს ზრდის შიდა კონტროლს კომპანიაში, ქმნის ფინანსური ანგარიშგებისა და თვითონ ფირმის დამატებით ფასეულობას;

ეროვნულ სტანდარტებზე უარის თქმის შესაძლებლობა (საქართველოში ეროვნული სტანდარტი არ არსებობს). ზოგიერთი ქვეყნის კომპანიებმა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ფასს-ის შესაბამისად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეიძლება არ გამოიყენონ მოთხოვნები ანგარიშგების მომზადების შესახებ ეროვნული სტანდარტებით. ეს კი იძლევა ბიზნესზე დატვირთვის შემცირების შესაძლებლობას;  

ანგარიშგების მომზადების სტაბილური წესები.  მსხვილი კორპორაციების მრავალი ბუღალტერი შესჯახებია მუდმივად ცვალებადი ძველი სტანდარტების და ახალი სტანდარტების დაწესების გამოყენების უხერხულობას ფასს-ის სრულ კომპლექტში. მცირე და საშუალო ბიზნესის კომფორტული მუშაობისათვის მსს-ის ფასს არ ექვემდებარება ხშირ ცვლილებებს. პრაქტიკული მაგალითით რომ ვაჩვენოთ, ორი წლის განმავლობაში - მიღების მომენტიდან (2009 წლის ივლისი) მიმდინარე მომენტამდე სტანდარტში ცვლილებები არ შესულა. მეტიც, მოსალოდნელია, რომ სტანდარტების შემქმნელები არ შეიტანენ ცვლილებებს ფასს-ში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უფრო ხშირად, ვიდრე სამ წელიწადში ერთხელ .

მსს-ის ფასს-ის გამარტივებულ ვერსიას გარკვეულწილად არსებითი ნაკლოვანებებიც გააჩნია, კერძოდ:
    ფასს-ის დანერგვის ღირებულება მსს-თვის საკმარისად მაღალია და შეიძლება შევადაროთ სრული ფასს-ის დანერგვის ღირებულებას;
     ნებისმიერი მცირე ფირმის სურვილის შემთხვევაში, რომ გახდეს საჯარო (გამოუშვას მიმოქცევაში აქციები, ობლიგაციები, თამასუქები), კომპანია ვალდებული იქნება, მოამზადოს ანგარიშგება სრული ფასს-ის  მიხედვით;
    მოცემულ ეტაპზე არ არის ცხადი, ენდობიან თუ არა პოტენციური ინვესტორები ამგვარ „გამარტივებულ“ ანგარიშგებას, რადგან სწორედ ფინანსური ანგარიშგების მონაცემები აძლევს შესაძლებლობას ინვესტორებს, მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილებები.

ზემოაღნიშნული ნაკლოვანებებისა და უპირატესობის შესახებ კვლევები განხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შესრულებისას და რეკომენდაციის სახით მიეწოდება ყველა დაინტერესებულ პირს. მათ შორის პირველ რიგში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ფედერაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ შიდაუწყებრივ კომისიას, ვინაიდან ეს უკანასკნელი უშუალოდ არის პასუხისმგებელი იმ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რომელიც წარდგენილია სქართველოს პარლამენტში. პროექტის წარმატებულად განხორციელება იქნება კიდევ ერთი  ნაბიჯი სამეცნიერო სექტორის  პრაქტიკული  მუშაობის შეჯერებისა, ამჯერად კერძო სექტორის მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მცირე და საშუალო საწარმოებში ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დანერგვამდე მოხდეს:
1.    მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის კრიტიკული ანალიზი;
2.    მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის კონცეპტუალური საფუძვლების წარმოჩენა;
3.    არსებული სტანდარტის მიზნებისა და ამოცანების თავსებადობა საქართველოში მოქმედი სააღრიცხვო სისტემის მიზნებთან;
4.    სტანდარტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების ძირითადი საკითხების წინ წამოწევა;
5.    დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება სტანდარტების დანერგვასა და პრაქტიკულ გამოყენებასთან.

სამეცნიერო–კვლევითი პროექტის საგანი:
პროექტის კვლევის საგანს წარმოადგენს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი, ამ სტანდარტში მოცემული დებულებები, განმარტებები და ინტერპრეტაციები. სტანდარტის კონცეპტუალური საფუძვლების კრიტიკული ანალიზი.
კვლევის თეორიულ მნიშვნელობას წარმოადგენს მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნებისა და რეკომენდაციების მიწოდებას მცირე და საშუალო საწარმოს სტანდარტის დანერგვაზე პასუხისმგებელი პირებისათვის,

კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ თემის დამუშავების შედეგად წარმოდგენილი პრაქტიკული დასკვნებისა და მეთოდური ხასიათის მითითებების მომხმარებელი შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული რეზიდენტი მეწარმე სუბიექტების 95%.
წარმოდგენილი თემის კვლევა-ანალიზი ქვეყნის მასშტაბით იქნება პირველი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და აღებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებისკენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე