ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-04-30

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეგიდით, სტუდენტური ორგანიზაცია oikos Tbilisi 2019 წლის 22 ივნისს მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „მდგრადი განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში“.

კონფერენციაზე მოწვეული მომხსენებლები ისაუბრებენ საქართველოში მდგრადი განვითრების კუთხით არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ასევე ჩატარდება პანელური დისკუსია, ხოლო კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა აღნიშნული საკითხით დაინტერესებული სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების წარდგენას.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.

პირველ ეტაპზე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს რეზიუმე (300-500 სიტყვა), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას, კერძოდ კი, მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს და გამოწვევებს საქართველოში.  წარმოდგენილ რეზიუმეებს განიხილავენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები. დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც უნდა იყოს კვლევითი ხასიათის და ჰქონდეს სამეცნიერო ნაშრომისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა. მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა დასწრება/მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ხოლო სამეცნიერო ნაშრომების წარმდგენ სტუდენტებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები.
Print

« იხ. ყველა სიახლე