2015-06-02

თსუ ასოცირებული პროფესორის ქალბატონ ეკა ლეკაშვილის მოხსენება რომის საპიენზას უნივერსიტეტში



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ლეკაშვილმა მიმდინარე წლის 20-21 მაისს მონაწილეობა მიიღო იტალიაში, რომის საპიენზას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: „მოდა ისტორიის ჭრილში, კოსტუმები, სიმბოლოები, კომუნიკაცია“, სადაც  მოახდინა მოხსენების „აბრეშუმის წარმოება საქართველოში: ისტორია და განვითარების შესაძლებლობები“  პრეზენტაცია (კვლევის თანაავტორები: ლ. ლურსმანაშვილი და ე. ტუხაშვილი). კონფერენცია მიზნად ისახავდა დებატების  დაწყებას მოდისა და საზოგადოების  ურთიერთკავშირის შესახებ ისტორიულ ჭრილში, მის ანალიზს ღრმა ინტერდისციპლინური კვლევების კონტექსტით.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილ სეგმენტს (მოდის ბიზნესი)  სირთულეები აქვს აკადემიურ სივრცეში ადგილის დასაკავებლად თითქმის ყველა ქვეყანაში, რომის, ვენეციის, მილანის, ფლორენციის საუნივერსიტეტო საზოგადოებამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯი წარმოდგენილი კონფერენციის ორგანიზებით და დაადასტურა მოდის კვლევების აქტუალურობა და საჭიროება. მოდის ბიზნესი უმნიშვნელოვანესია  იტალიის და  მსოფლიოს სხვა მრავალი მოწინავე ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის წარმოებაში. ასევე, უდიდეს როლს თამაშობს საშინაო და საგარეო ვაჭრობაში. ქმნის ქვეყნის იმიჯს და ავითარებს ტურიზმის ეკონომიკას. იგი ადამიანთა ცხოვრების, სოციალური და ეკონომიკური ისტორიის ნაწილია. სწორედ ამ არგუმენტაციის საფუძველზე  არის აქტუალური მოდის ბიზნესის თემა კონფერენციის ორგანიზატორიებისა და მონაწილეებისათვის. კონფერენციის ინიციატორები იყვნენ რომის საპიენზას უნივერსიტეტის ეკონომიკის და ჰუმანიტარული ფაკულტეტები. კონფერენციამ უმასპინძლა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ექსპერტებსა და სწავლულებს.

კონფერენცია მიმდინარეობდა შემდეგი ინსტიტუციებისა და კომპანიების პატრონაჟით: Camera Nazionale della Moda e AltaRoma, Roberta Capucci Foundation, Gianfranco Ferre Foundation, Gattinoni, ISKO და ა.შ. კონფერენციის მონაწილეები მიწვეული იყვნენ ლუის ვიუტონის გამოფენაზე, სადაც გაეცნენ კომპანიის ბრენდის დამკვიდრების სტრატეგიას და მოდის ბიზნესის ახალ ტრენდებს.

ეკა ლეკაშვილის მიერ წარდგენილმა მოხსენებამ ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა კონფერენციის მონაწილეებს შორის. კვლევაში გადმოცემულია საქართველოში აბრეშუმის წარმოების განვითარების ევოლუცია უძველესი დროიდან დღემდე. ასევე, განხილულია საქართველოში აბრეშუმის წარმოების განვითარების შესაძლებლობები. დაისვა შეკითხვები საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით; ასევე, სტატისტიკური მონაცემების შესახებ.

საკონფერენციო მოხსენებების სრული ვერსია დაიბეჭდება შრომების კრებულში კემბრიჯის საგამომცემლო სახლის მიერ.

Print

« იხ. ყველა სიახლე