2019-06-07

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი გთავაზობთ საჯარო სექტორის აუდიტორების სერტიფიცირების პროგრამას

7 ივნისს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ეწვივნენ საქართველოს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის თანამშრომლები, დირექტორის ბატონი დავით აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით. საქართველოს საჯარო აუდიტის ინსტიტუტი, უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თსუ სტუდენტებს სთავაზობს  საჯარო სექტორის აუდიტორების სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობას შეღავათიანი პირობებით. სტუმრებმა თსუ სტუდენტებსა და  დაინტერესებულ პირებს გააცნეს საჯარო აუდიტის ინსტიტუტში მიღების წინაპირობები, სწავლების სპეციფიკა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების პერსპექტივები. საჯარო ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდათ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან საბაური.









საჯარო აუდიტის ინსტიტუტს სერტიფიცირტების განხორციელების ექსკლუზიური უფლება გააჩნია და საჯარო სექტორში აუდიტის განხორციელება მხოლოდ სერტიფიცირებული აუდიტორებისთვისაა  ნებადართული.

სასერტიფიკატო კურსის გავლის შედეგად, სტუდენტები გაეცნობიან აუდიტის არსს, მნიშვნელობას, შეისწავლიან აუდიტის ძირითად ცნებებსა და პრინციპებს, დაეუფლებიან აუდიტის პროცესთან დაკავშირებულ ძირითად ტერმინოლოგიას, აუდიტორული მეთოდოლოგიისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების საბაზო საკითხებს, შეიძენენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში ორიენტაციის უნარს; კურსი ხელს შეუწყობს სისტემური აზროვნების ჩამოყალიბებას და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია პროფესიონალი აუდიტორისათვის; შეისწავლიან ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების ჩატარების სპეციფიკას. თითოეულ სტუდენტს, რომელიც საჯარო აუდიტის ინსტიტუტში სასერტიფიკატო პროგრამას წარმატებით გაივლის, გამოავლენს აუდიტორისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და შრომისმოყვარეობას, ეძლევა რეალური შანსი − სტაჟირება გაიაროს და დასაქმდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

სასერტიფიკატო  პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5-წლიანი სერტიფიკატი, რაც მის მფლობელს დასაქმების გაცილებით მეტ საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებული პირები მუშაობენ ისეთ წამყვან აუდიტორულ კომპანიებში, როგორებიცაა, დიდ ოთხეულში შემავალი PWC, EY, Deloitte, KPMG.

სერტიფიცირების პროგრამის ღირებულება, რომლის ხანგრძლივობაც 3 თვეა, სტუდენტებისთვის 1300 ლარის ნაცვლად,  850 ლარს შეადგენს (სასწავლო კურსის საფასური − 700 ლარი, გამოცდის საფასური − 150 ლარი).

საბუთების მიღების ვადა:
საბუთების მიღება შესაძლებელია 2019 წლის 27 მაისიდან 22 ივნისის ჩათვლით (სამუშაო დღეებში − 10:00 საათიდან  18:00 საათამდე) შემდეგ
მისამართზე: ქ. თბილისი,  წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ვებგვერდს: WWW.SAI.GE ან დაგვიკავშირდეთ  ელ. ფოსტით: SAI@SAO.GE, საკონტაქტო პირი: ხათუნა ჩაგანავა, ტელ.:  (+995) 599 39 07 77
   
შენიშვნა: შეღავათიანი პირობებით სარგებლობისათვის აუცილებელია დეკანატიდან მომართვა.
Print

« იხ. ყველა სიახლე