2018-12-20
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის საჯარო მოხსენება
მიმდინარე წლის 17 დეკემბერს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკონომიკის დოქტორმა გოგიტა თოდრაძემ წაიკითხა საჯარო მოხსენება თემაზე:
„საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები: არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები“.
ღონისძიება გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ოფიციალური სტატისტიკის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა ბატონ გოგიტა თოდრაძეს თანამშრომლობისათვის.მომხსენებელმა მოკლედ წარმოადგინა მიმდინარე წელს საქსტატში განხორციელებული ინსტიტუციური და თემატური რეფორმები და პროექტები, ასევე უახლოეს პერიოდში დაგეგმილი მნიშვნელოვანი აქტივობები. აღინიშნა, რომ განხორციელდა საქსტატის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ოპტიმიზაცია და რეგიონული სამსახურების ქსელის გაფართოება. ამასთან ერთად, 2019 წლის დასაწყისიდან მოხდება საქსტატის თანამშრომლებისა და საშუალო რგოლის მენეჯმენტის შრომის ანაზღაურების გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას.
მოხსენებამ დამსწრე პირთა, მათ შორის სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია: გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მრავალი შეკითხვა დაისვა, რომლებზედაც ბატონმა გოგიტამ ამომწურავი პასუხი გასცა.
« იხ. ყველა სიახლე