ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-30

თსუ „ნორჩი ეკონომისტის“ სკოლის ღია კარის დღე

2017 წლის 27 ნოემბერს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა თსუ "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის ღია კარის დღე. ღონისძიებას ესწრებოდა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მარინა ლომოური, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, ფაკულტეტის პროფესორები: მიკროეკონომიკის კათედრის გამგე ეთერ ხარაიშვილი, დეკანის მოადგილეები მარინა ჩავლეიშვილი, ნინო ფარესაშვილი, ნათია კახნიაშვილი, ნინო პაპაჩაშვილი, მარინა ნაცვალაძე, მანანა ლობჟანიძე. თბილისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები და IX-XII კლასების მოსწავლეები.
  ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თსუ "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის კოორდინატორი მარი უკლება.  მან მოსწავლეებს  გააცნო თსუ "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის ისტორია და ისაუბრა სკოლის მუშაობის ფორმატის და მიმდინარე სასწავლო წლის გეგმების შესახებ. აღინიშნა, რომ თავისი ცხრაწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ მოსწავლეები მოისმენენ მეტად საინტერესო ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებებში, ასევე საჭიროა სკოლის მუშაობაში  ჩაიდოს პრაქტიკული მეცადინეობები, რაც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას დააგროვონ  გუნდური მუშაობის და სხვ. გამოცდილება და მათ მეტი  მოტივაცია გაუჩნდეთ გახდნენ მომავალში ჩვენი სტუდენტები. ამის საშუალებას იძლევა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი თავისი ახლაგახსნილი ლაბორატორიებით, როგორიცაა: ბლუმბერგის ლაბორატორია, ფაბლაბი, ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორია, ინოვაციური ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია,  ასევე კომპიუტერული და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი რესურსცენტრები.
   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა,  პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის, როგორც მეცნიერების მნიშვნელობაზე სახელმწიფო აღმშენებლობის საქმეში, მან მოსწავლეებს მოკლედ მოუთხრო  ეკონომიკის წარმოშობის ისტორია და  გააცნო თუ  რა შესაძლებლობებს  სთავაზობს ფაკულტეტი მომავალ სტუდენტებს, რათა მააქსიმალურად იქნას გამოყენებული თითოეული სწავლასმოწყურებული სტუდენტის შესაძლებლობები, იქნება ეს საერთაშორისო კონფერენციებში მათი ჩართულობა, ბიზნეს-იდეების განხორციელება, საერთაშორისო ბირჟებზე ინფორმაციების მოძიება, ლიდერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება თუ სხვ. დარბაზს სიტყვით მიმართა თსუ "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის შარშანდელმა მონაწილემ, სოფ. ზეღდულეთის სკოლის ყოფილმა მოსწავლემ და დღეს უკვე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ხატია ჯავახიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა პროფესორს იმ ღვაწლისათვის, რაც მათ სკოლის მოსწავლეებისთვის  გასწიეს და აღნიშნა თუ როგორი ამაყია, რომ იგი დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. გიგა ჩიტიშვილი - ყოფილი თსუ "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის მოსწავლე, დღეს უკვე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრი  და პირველი კურსის მაგისტრანტი,  მოსწავლეებს ესაუბრა იმ დიდ სიკეთეებზე, რასაც თსუ "ნორჩი ეკონომისტის" სკოლა აკეთებს და მოუწოდა აიღონ მაქსიმალური და შეიძინონ ცოდნა, რათა შემდგომში გაუადვილდეთ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ლაბირინთებში გარკვევა.  და ბოლოს სიტყვით გამოვიდა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მარინა ლომოური,  რომელმაც მოსწავლეებს გააცნო თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩთა სკოლების მუშაობა და ასევე ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სკოლებისა და უნივერსიტეტის  თანამშრომლობა, რაც მოიტანს  მომავალი თაობის  გათვითცნობიერებას, მათ გააკეთონ პროფესიაში სწორი არჩევანი.მან თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: თქვენ თუ ამ არჩევანში არ შეცდებით, შემდგომში მომზადებული იქნებით ადვილად გადალახოთ ცხოვრებისეული სირთულეები.  სწორად არჩეული პროფესია  შემდგომში თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდება, რითაც თქვენ  ნაყოფიერ, შემოქმედებით, წარმატებულ მომავალ ცხოვრებას ჩაუყრით საფუძველს.
    შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაათვალიერეს:  ბლუმბერგის ლაბორატორია, მოისმინეს ინფორმაცია ამ ლაბორატორიის მნიშვნელობის შესახებ და ფაბლაბი, სადაც ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ეკა ჩოხელმა გააცნო ფაბლაბის მუშაობის სპეციფიკა,  დაეწრნენ პრაქტიკულ პროცესს, თუ როგორ ხდება 3D პრინტერზე ფიგურის დამუშავება, თუ როგორ იქცევა შენი ბიზნესიდეა რეალობად. მოსწავლეებს სამახსოვროდ გადაეცათ ამავე პრინტერზე ამობეჭდილი უნივერსიტეტის ემბლემები.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი,
თსუ "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის კოორდინატორი      მარი უკლება




Print

« იხ. ყველა სიახლე