2015-02-04

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს მიერ 2014 წელს გაწეული მუშაობის მოკლე ანგარიში




სტუდენტური ცენტრი „იდეა“ შეიქმნა 2000 წლის 8 თებერვალს. დღეისათვის ცენტრის პერსონალურ  შემადგენლობაშია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და  დოქტორანტურის 40-ზე მეტი სტუდენტი. ცენტრთან არსებულ მრჩეველთა და მზრუნველთა საბჭოებში გაერთიანებული არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სპეციალისტები და ბიზნესმენები, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ ცენტრს.
ცენტრის გეგმის მიხედვით, 2014 წელს მიმდინარეობდა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-სატრენინგო სამუშაოები შემდეგი ძირითადი პროგრამების საფუძველზე:
1.    „შეიმეცნე და ააღორძინე საქართველო“ - ხორციელდება ცენტრთან არსებული ეროვნული ეკონომიკის კვლევის ლაბორატორიაში;
2.    „ისრაელის ეკონომიკა და ბიზნესი“ - ხორციელდება ცენტრთან არსებული ისრაელის ეკონომიკის კვლევის ლაბორატორიაში;
3.    „აშშ-ს ეკონომიკა და ბიზნესი“ - ხორციელდება ცენტრთან არსებული აშშ-ს ეკონომიკის კვლევის ლაბორატორიაში.


1.საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 
„საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: მწვანე ეკონომიკის მართვა“


სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა პროექტები.
2014 წლის 14-17 ივლისს, ცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით მესტიაში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: მწვანე ეკონომიკის მართვა“. თსუ-სთან და თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან ერთად კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს საპატრიარქოს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია, ისრაელის საელჩო საქართველოში.


 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები, სპეციალისტები, ბიზნესმენები და სტუდენტები ისრაელიდან და უკრაინიდან. გამოიცა კონფერენციის  შრომათა კრებული.



 

2.ცენტრის თანამშრომლობა ისრაელის საელჩოსთან საქართველოში და  ისრაელის ფირმა „ნეტაფიმთან“

2014 წელს ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობდა ისრაელის საელჩოსთან საქართველოში და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმთან“. ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები და დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი, საკონფერენციო, სასწავლო-სატრენინგო და მთარგმნელობითი პროექტები 2015 და შემდეგი წლებისთვის.


 

3.ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის და ცენტრ ,,იდეა“-ს  თანამშრომლობა  მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან

2014 წლის 25 ოქტომბერს მესტიაში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის. მემორანდუმის მიხედვით მხარეები მიზნად ისახავენ, ხელი შუწყონ საქართველოში სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებსა და ადგილობრივი მართვის ორგანოებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას. ამასთანავე, მემორანდუმის ფარგლებში 25 და 26 ოქტომბერს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი საერთო სახელწოდებით „მუნიციპალური მართვის ორგანიზაციული ასპექტები“. ტრენინგის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
მემორანდუმის ხელმოსაწერად და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩასატარებლად მესტიას ეწვია სამუშაო-სატრენინგო ჯგუფი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თეიმურაზ ბერიძის ხელმძღვანელობით.
მემორანდუმის ხელმოწერას და ტრენინგს ესწრებოდა და  ლოცვა-კურთხევით შეეწეოდა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი.
მემორანდუმის გაფორმებისა და ტრენინგის ინიციატორი და ორგანიზატორი, ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან  ერთად,  იყო ცენტრი „იდეა“.



 

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ანალიტიკური დოკუმენტისა და გეგმის შემუშავება დაიწყეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს პროექტის - „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ფინალურ ეტაპზე გადავიდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების გუნდი: მარიამ ჯიბუტი (ცენტრ „იდეა“-ს წევრი) , შოთა ჯიბუტი (ცენტრ „იდეა“-ს წევრი), ანა ახვლედიანი და ანა სალიაშვილი. 2015 წლის თებერვალში დაგეგმილია გუნდის წევრების ორ-კვირიანი კვლევითი ტური მესტიის მუნიციპალიტეტში. გუნდის საქმიანობა, მოპოვებული გრანტის საფუძველზე, დაფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს მიერ.




 
4.ცენტრ ,,იდეა“-ს  სატრენინგო პროექტი - „დროის მართვა“

ცენტრ ,, იდეა“-ს  მთავარი პროგრამა - ,,შეიმეცნე და ააღორძინე საქართველო“, ითვალისწინებს რამდენიმე ტრენინგის ჩატარებას როგორც ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე თსუ-ს გარე სამიზნე ჯგუფებისათვის (დროის მართვა; პროფესიული ორიენტაცია; გრანტის მოპოვება; საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვა).
ტრენინგი  - ,,დროის მართვა - საშუალო სკოლის კურსი“  ჩატარდა დეკემბერში 2 სამიზნე ჯგუფისათვის.
5 და 12 დეკემბრის სატრენინგო მეცადინეობა განკუთვნილი იყო ცენტრის 18 ახალი წევრისათვის, რომელთაც გადაეცათ მსმენელის სერტიფიკატი.
ხოლო 5, 12 და 19 დეკემბრის სატრენინგო მეცადინეობა გამიზნული იყო ცენტრის 8 ძველი წევრისათვის, რომლებმაც 2013 წელს ასისტენტის რანგში ჩაატარეს დროის მართვის ლექცია-სემინარები ყაზბეგის, გორის და მცხეთის გიმნაზიებში. ასეთ სტუდენტებს ტრენინგის ბოლოს გადაეცათ ტრენერის სერთიფიკატი.
ტრენინგს ესწრებოდა და მის მონაწილეებს 26 დეკემბერს სერტიფიკატები გადასცა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა,  პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ.



 

5.გუნდური სტუდენტური სემესტრული პროექტების პრეზენტაცია ცენტრის ოფისში
 
2014 წლის 24 და 26 დეკემბერს, ცენტრის ოფისში (მაღლივი კორუსი, ოთ. # 1211) მოეწყო სტუდენტური სემესტრული გუნდური სასწავლო-შემოქმედებითი პროექტების პრეზენტაცია. მსგავს პროექტებს ყოველსემესტრული ხასიათი აქვს და ჩვენი სასწავლო გეგმისა და მეთოდიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. პროექტების პრეზენტაციის შეფასება ხდება ცენტრის ხელმძღვანელისა და ცალკეული მენეჯერებით შედგენილი კომისიის მიერ.
სულ, ოთხი სასწავლო ჯგუფიდან წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აქტუალურ თემაზე შესრულებული 16 პროექტი, რაც დიდ ინტერესს იწვევდა როგორც სხვა გუნდებში, ისე შემფასებლებში. მსგავსი ტიპის პროექტებთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის, რომ ადგილი არ ჰქონდა აზრების განმეორებას და ყოველ პროექტს მსმენელამდე მიჰქონდა ახალ-ახალი იდეები, მათი განხორციელების ორიგინალური გააზრება და სათანადო გზების დასახვა.


 


ყველასთვის სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თეიმურაზ ბერიძის დასწრება პროექტების პრეზენტაციაზე, რომელმაც განაცხადა: „ცენტრი “იდეა” კარგად მუშაობს, ვხედავ სტუდენტების სწრაფვას - გაიაზრონ, იმსჯელონ და დასახონ მოქმედების გზა აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით – ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.





მთლიანობაში, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრმა „იდეა“-მ  2014 წელს ნაყოფიერად იმუშავა. ახალ, 2015 წელს ცენტრი შეხვდა დიდი ენთუზიაზმით  და საინტერესო გეგმებით, რომელთა განხორციელებისათვის ცენტრის წევრები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
 
ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი
გიორგი შიხაშვილი

Print

« იხ. ყველა სიახლე