2017-05-07
ჰანოვერის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორ ულრიკე გროტეს ვიზიტი
მიმდინარე წლის 3 მაისს, ჰანოვერის უნივერსიტეტის (გერმანია) გარემოს–დაცვითი ეკონომიკისა და მსოფლიო ვაჭრობის ინსტიტუტის (Institute for Environmental Economics and World Trade) დირექტორმა, პროფესორმა ულრიკე გროტემ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხა მოხსენება თემაზე: ,,საერთაშორისო კონკურენტ–უნარიანობა და მსოფლიო ვაჭრობა“ (International Competitiveness and World Trade). პროფესორი გროტე ფაკულტეტზე მოწვეულ იქნა პროფესორ სიმონ გელაშვილის მიერ.
ქალბატონ გროტეს აქვს პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილებაც: სხვადასხვა დროს მუშაობდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) პარიზში და აზიის განვითარების ბანკში (ABD) მანილაში.
პროფესორ გროტეს მოხსენებას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები (უმეტესად მაგისტრატურის), ისე აკადემიური პერსონალი. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც გამოვლინდა ფართო დისკუსიაში.
პროფესორ გროტესთან შედგა ასევე მოლაპარაკება, რომლის დროსაც დაისახა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და ჰანოვერის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, კერძოდ: უახლოეს პერიოდში ჰანოვერის უნივერსიტეტის აღნიშნული ფაკულტეტი გადმოაგზავნის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პროექტს; მომზადდება კონკრეტული თემატიკა ერთობლივი სასწავლო და კვლევითი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც დასაფინანსებლად წარედგინება გერმანიის შესაბამის ფონდებს; ასევე, მომავალი სემესტრიდან განხორციელდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამა.
« იხ. ყველა სიახლე