ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი სემ პოტოლიკიო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: რელიგიისა და პოლიტიკის თანამედროვე ეკონომიკური მოდელი

თარიღი: 18 მაისი, 13:00 საათი,
თსუ მაღლივი კორპუსი, უდიტორია: 206




სემ პოტოლიკიო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (Georgetown University, Washington DC) ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული მოწვეული პროფესორია. იგი ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებას უძღვება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, სემესტრი ვაშინგტონში პროგრამის ფარგლებში. ჯორჯთაუნში ბ–ნ პოტოლიკიოს ლექციები წაუკითხავს ისეთ საკითხებზე როგორიცაა საპრეზიდენტო რიტორიკა, რელიგია და პოლიტიკა, საკონსტიტუციო სამართალი და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემა.
 

ბატონ პოტოლიკიოს ბაკალავრიატი დამთავრებული აქვს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის და ფსიქოლოგიის განხრით (Government and Psychology), პირველი მაგისტრატურა – ასევე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში (Government–ის სპეციალობით), ხოლო მეორე მაგისტრატურა – ჰარვარდში თეოლოგიური სწავლების განხრით (Master of Theological Studies), ამჟამად ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მუშაობს თავის სადოქტორო ნაშრომზე.

სემ პოტოლიკიო რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო  ინიციატივებში, კერძოდ ის აშშ–ს მთავრობის მიერ ინიცირებული რამდენიმე აკადემიური კურსის მთავარი მომხსენებელია. კონგრესის ბიბლიოთეკაში ის ლექციებს უკითხავს უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სასომხეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების დელეგაციებს. გარდა ამისა ის ჩართულია აშშ–ს აკადემიურ წრეში მეტად ცნობილი ამერიკული კვლევითი ფონდის (The Fund for American Studies http://www.tfas.org/) საზაფხულო პროგრამებში, რომელიც ჩეხეთსა და საბერძნეთში ყოველწლიურად 300–ზე მეტ ევროპელ სტუდენტს მასპინძლობს.

როგორც ამერიკის უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ერთ–ერთმა მომავალმა ლიდერმა, პოტოლიკიომ რამდენიმე თვის წინ პატრიცია კროსის სახელობის ჯილდო მოიპოვა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯების და უნივერსიტეტების ასოციაციია ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით 8 ადამიანს გადასცემს.

„რელიგიისა და პოლიტიკის თანამედროვე ეკონომიკური მოდელი“ პოტოლიკიოს სადოქტორო ნაშრომის მთავარი კვლევის ობიექტია, ამ თემაზე მომზადებული ლექცია ეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა:
  • როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ლანდშაფტი
  • შეგვიძლია თუ არა შევქმნათ თეორია რომელიც განსაზღვრავს რამდენად რელიგიურია ქვეყანა ან როგორია მისი პოტენციალი ამ მიმართულებით
  • რითია უნიკალური ამერიკის შეერთებული შტატების რელიგია და პოლიტიკა
  • როგორ იყენებენ რელიგიის თემას ამერიკის შეერთებული შტატებში საარჩევნო კამპანიების დროს
  • რა იციან ამერიკელმა პოლიტიკოსებმა თავის ქვეყნის რელიგიის შესახებ